კახა კალაძე: “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნოდ რა პირობაც მისცა მოსახლეობას, ეტაპობრივად შესრულდება
ჩემთვის უკვე უხერხულია სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის ხსენება, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებზე უნდა ვესაუბროთ – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციის” ეთერში განაცხადა.
კალაძის განცხადებით, თუ ქვეყანა ეკონომიკურად არ გაძლიერდა და ფეხზე არ დადგა, წარმოუდგენელია თუნდაც სამუშაო ადგილების შექმნა. მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნოდ რა პირობაც მისცა მოსახლეობას, ეტაპობრივად შესრულდება.
„ძალიან კარგად ვიცი, რა პირობებში უწევს ცხოვრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობის გაუარესება 2012 წლიდან ნამდვიად არ დაწყებულა. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ ცხრა წლიან პერიოდს. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის უხერხულია სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის ხსენება, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებზე უნდა ვესაუბროთ. თუნდაც იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2 წლის განმავლობაში გააკეთა. პენსია 10 ლარით არ მომატებულა. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, 50 ლარით მოიმატა, შემწეობა გაორმაგდა და ეს არ შეჩერებულა და არც შეჩერდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.