ვინ არიან ხელისუფლებაში ცალ-ცალი „კალოშით“ მოსული „ნაცები“ – თარგამაძეს სიგარეტის ფული არ ჰქონდა, კეზერაშვილი დროშებს აფრიალებდა

“კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების” ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან”, – ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ დღეს პარლამენტში გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას დეპუტატი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ნოდარ ხადურს ფორმატის გამო არ მიეცა დაკონკრეტების საშუალება, თუ ვინ იგულისხმა მან “ცალ-ცალი“ კალოშით ხელისუფლებაში მოსულ “ნაცებში“. თინა ხიდაშელმა ასეთ “ნაცებად“ დავით კეზერაშვილი და გივი თარგამაძე დაასახელა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კეზერაშვილმა დიდძალი თანხა სწორედ სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას დააგროვა. რაც შეხება გივი თარგამაძეს, ხიდაშელის თქმით, საკვირველია, გივი თარგამაძე, რომელიც “სიგარეტის ფულს თხოულობდა“, როგორ გახდა შეძლებული. “კალოშებია დღეს აქ აქტუალური და ბევრჯერ იკითხეს, რომ იქნებ კონკრეტული მაგალითები მოეყვანა ნოდარ ხადურს, თუ ვინ იგულისხმა ცალი “კალოშით“ მოსულებში. რადგან ჩვენ კითხვა-პასუხის რეჟიმში არ ვართ, მე მოვიყვან მაგალითს. ბატონი კეზერაშვილი, პატარა უქონელი ბიჭი, რომელიც დროშებს აფრიალებდა, დღეს ყველაზე მდიდარი კაცია საქართველოში ნაშოვნი ფულის პირობებში, მას თავისი ცხოვრების არცერთი დღე სახელმწიფო სამსახურის იქით არ უმუშავია, როცა ეს მილიარდები დააგროვა. მეორე გივი თარგამაძე შეიძლება გავიხსენო, ერთ დროს ერთი ცხოვრებით რომ ვცხოვრობდით, სიგარეტის ფულს ითხოვდა და მერე დიდი შეძლება გამოუჩნდა. მაინცდამაინც “კალოშებით“ ნუ დაინტერესდებით, ძალიან დიდია სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც შემიძლია დეტალურად მოგიყვეთ, როგორ შოულობდნენ წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში ფულს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები