სესიაშვილი: შსს-დან უშიშროების სამსახურის განცალკევება 2016 წლის არჩევნებამდე მოესწრება

შსს-დან უშიშროების სამსახურის განცალკევების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
„საკითხი, რომელიც პრემიერმა დააყენა, აქტუალურია და შემდგომში ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ის მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ, რომ ძლიერი და დემოკრატიული სისტემა შევქმანთ. მე ამას რეფორმას არ დავარქმევდი. ეს არის უსაფრთხოების სექტორში ტრანსფორმაციის პროცესი. აქ ნაჩქარევი ნაბიჯები არასწორი იქნებოდა. ჩვენ პირველ რიგში ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ საზოგადოებას, ექსპერტებს“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ სესიაშვილმა.
დეპუტატის განმარტებითვე, აღნიშნული პროცესი, 2016 წლის არჩევნებამდე მოხდება.
„ჩვენ არ ვიცით ამ პროცესში, რომელსაც პარალელურად პოლიტიკური პროცესი სდევს, რა ტიპის კონსენსუსამდე მივალთ. ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებამ არ უნდა გადაწყვიტოს. თუმცა ეს 2016 წლის არჩევნებამდე მოესწრება. მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის არჩევნებს ახალი უფრო დემოკრატიული, ძლიერი სისტემით შევხვდებით, რომელიც ერთის მხრივ ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი ადამინის უფლებების დაცვა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება უფრო მაღალ სტანდარტზე იქნება აყვანილი. პარლამენტში უკვე შემოსულია უსაფრთხოებისა და კრიზისების საჭოს ახალი ხელმძღვანელის წერილი, რომელიც პარლამენტს სთხოვს ამ სამუშაო ჯგუფში საკუთარი წარმომადგენლები წარმოადგინოს. ეს ხაზს უსვამს, რომ მთავრობას სურვილი აქვს ამ პროცესში პარლამენტი აქტიურად ჩაერთოს და რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ ამ საქვეყნო საქმეში მონაწილეობისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა სესიაშვლმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფაზე მუშაობა იწყება. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და შესაბამისი დავალებები უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალ მდივანს უკვე მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები