პრემიერი: განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებას
ჩვენს ქვეყნებს კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ, რაც ჩვენი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მტკიცე საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგასთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო და სომხეთი, განსხვავებული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორების მიუხედავად, მზად არიან, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით. „ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებასა და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ჰოვიკ აბრაჰამიანმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7H6b0Qnakf4″ width=”560″ height=”315″]