ირაკლი ღარიბაშვილი: სათანადოდ დაფასდა გლეხის, ფერმერის, მეწარმის შრომა

ორი წლის განმავლობაში მთავრობამ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კომპლექსური და მასშტაბური ღონისძიებები გაატარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საქმიანობის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს კონკრეტული ამოცანები და გეგმები სოფლის მეურნეობის სფეროში.
“ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ სათანადოდ დაფასდა მშრომელი ადამიანების – გლეხის, ფერმერის, მეწარმის შრომა. ჩვენ დაგვხვდა გაპარტახებული, დაცლილი სოფელი, სადაც აღარ არსებობდა ელემენტარული პირობები ნორმალური ცხოვრებისათვის. ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს და ყოველმხრივ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. დღეს გლეხები გრძნობენ მთავრობის მხარდაჭერას საქმით, კონკრეტული ნაბიჯებით, რეალური თანადგომით და ეს მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე, ჩვენი ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე. ჩვენ თანამიმდევრულად ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის გაზრდას. ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავიწყეთ “შეღავათიანი აგროკრედიტისა” და “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების” პროექტების განხორციელება. ეს პროექტები წარმატებით მიმდინარეობს. “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის ფარგლებში უკვე 670 მილიონი ლარის 25 ათას 241 სესხი გაიცა. დაფინანსდა 89 ახალი საწარმო და მათგან უკვე გახსნილია 86, გაფართოვდა და გადაიარაღდა 580. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 35 დარგი დავაფინანსეთ. მათ შორის არის ღვინის წარმოება, მესაქონლეობა-მეფრინველეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, თხილის, რძის გადამუშავება, პროდუქციის შესანახი საწყობები, მარცვლეულის საშრობები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, რაც შეეხება “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების” პროექტს, უკვე დამტკიცდა 16 პროექტი და აქედან 11 ბიზნესპროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზით ჩვენი ქვეყნის რეგიონები კიდევ უფრო მომძლავრდებიან და ადგილობრივი მოსახლეობა წელში გაიმართება. ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის პროექტი “აწარმოე საქართველოში”, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარების დიდ შესაძლებლობებს და იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შესაძლებლობები იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენი პროდუქცია. ჩვენ უკვე დავაფინანსეთ პროექტები, რომლებიც მეცხოველეობა-მეფრინველეობის, ზღვის პროდუქტების გადამუშავების, სასათბურე მეურნეობის განვითარების კუთხით ძალიან პერსპექტიულია. მთლიანად, სამივე პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 105 საწარმო. და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის ხელშეწყობით დაფინანსებულ საწარმოებში დასაქმებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი. მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უშუალოდ იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარება მოუტანს ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები