„ძალიან კარგია, რომ პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას შეახსენა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება“
ყველა გამოწვევები, რომლებიც იყო ქვეყნის წინაშე კრიმინალთან ბრძოლასთან დაკავშირებით, უკვე არასახიფათოა და შესაძლებელია ამ რეაორგანიზაციის გაკეთება, – ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ძიძგურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, საჭიროა საზოგადოების მონაწილეობით შეიქმნას კომისია.
„ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე პირველი ნაბიჯი, რაც განხორციელდა, ეს იყო პოლიციის დეპოლიტიზაცია. ამასთან, გაუქმდა საშიში დანაყოფები – კუდი და სოდი, რომელიც იყო პოლიტიკური ოპონენტებისათვის ტერორისა და ზეწოლის განხორციელების საშუალება, ეს სტრუქტურები შსს-მ გააუქმა.
როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია. რაც შეეხება ამ რეორგანიზაციას, ძალიან კარგია, რომ პრემიერმა ასეთი ინიციატივით შეახსენა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება საქართველოს მოსახლეობას.
ყველა გამოწვევები, რომლებიც იყო ქვეყნის წინაშე კრიმინალთან ბრძოლასთან დაკავშირებით, უკვე არასახიფათოა და შესაძლებელია ამ რეაორგანიზაციის განხორციელება. ეს არ არის თემა, რომელიც არის მხოლოდ ხელისუფლების საქმე და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მონაწილეობით უნდა შეიქმნას კომისია, სადაც გაერთიანდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პარლამენტი და მთავრობის სტრუქტურები“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და რეორგანიზაციის მიზნით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.
პრემიერის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შევლენ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხზე იმუშავებს. მომზადდება ანალიზი და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს განიხილავს მთავრობა და ამის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.