პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობაზე ესაუბრა.
მან იაპონიის მთავრობასა და ხალხს იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა და იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში იმპერატორ აკიჰიტოსთან შეხვედრა გაიხსენა.
გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება იმ მხარდაჭერასა და თანადგომაზეც გაამახვილა, რომელსაც იაპონია საქართველოს უწევს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხი გრძნობს იაპონიის მტკიცე მხარდაჭერას. ამას გარდა, მან იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელსაც დღევანდელ სამყაროში იაპონია ასრულებს პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით.
„იაპონიაში ვიზიტის დროს ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ახალი ნაბიჯი გადაგვედგა ქართულ-იაპონურ ურთიერთობაში, რომელიც იწყება კონტინენტის უკიდურესი აღმოსავლეთიდან და გრძელდება ევროპამდე. ამ ორ მეგობრულ ქვეყანას შორის კავშირი ძალიან ბევრ სასიკეთოს უქადის ჩვენს ქვეყნებს და მათ პარტნიორებს ამ გზაზე. ჩვენ დავსახეთ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რაც უკვე გაკეთებულია იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით წინა წლებში. ეს კი ძალიან შთამბეჭდავი სამუშაოა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იაპონელ ხალხს და პირადად ელჩს კაიტანის. საქართველოს აქვს ბედნიერება იაპონიის მხარეს წარმოადგენდეს ასეთი კარგი და შთამბეჭდავი ელჩი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს როგორც თავისი, ისე ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას იაპონიის ელჩმა ქართულად მიმართა და ქართულ მხარეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება და ნატოს არსებითი პაკეტის მიღება მიულოცა. მან ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილა, რომლებიც საქართველოში იაპონიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.
ტოშიო კაიტანიმ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იაპონია აზიის განვითარების ბანკის უმთავრესი მხარდამჭერია, ასევე მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების უმთავრეს მხარდამჭერთა შორის არის, რომლებიც, მისივე თქმით, დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ საქართველოსთვის.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს საქართველოში იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც მისი ხელდასმით ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა, ასევე მისი დამოკიდებულებისთვის ქართული კულტურისა და მთლიანად ქართული სახელმწიფოს მიმართ.
იაპონიის იმპერატორი 23 დეკემბერს 81 წლის შესრულდება.