ვის გამო გადადგა რეალურად გურიის გუბერნატორი

  საქართველოს მთავრობაში გადაადგილებები გრძელდება. პრინციპში, გადაადგილება პირობითი ცნებაა, რეალურად კი თანამდებობიდან მიდის ხალხი, რომელიც კონკრეტულ ჯგუფთან იგივდება…
ყველაზე საინტერესო ეკონომიკური საბჭოს მდივნის, რომან ჩხენკელის გადადგომა იყო. როგორც ამბობენ, ჩხენკელს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი პოსტი დაეტოვებინა, მაგრამ პრემიერი მას არ უშვებდა, ახლა კი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და ჩხენკელი თანამდებობიდან მოხსნა. მის წასვლას დომინოს პრინციპით მიჰყვნენ მის სახელთან ასოცირებული თანამდებობის პირები, ანუ ადამიანები, რომლებიც ჩხენკელის გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ და იმის მიუხედავად, რომ მათ არავინ შეხებია, განცხადებები საკუთარი ნებით დაწერეს.
სწორედ ჩხენკელის გუნდის წევრად ითვლებოდა გურიის გუბერნატორი გიორგი (იგივე გოგიტა) ჩხაიძე. მის გადადგომას კულუარებში ათასგვარი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩხეიძეს ლობირებას სწორედ ჩხენკელი უწევდა და ეს იმის მიუხედავად, რომ მისი მისამართით სერიოზული კითხვები არსებობდა. მთავარი, რაშიც ჩხაიძეს ედავებოდნენ, ის გახლდათ, რომ 2012 წლის არჩევნებზე მისმა ფირმამ „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე ათეულ ათასობით შემოწირულობა გააკეთა და შემწირველთა შორის არამარტო თავად ჩხაიძე იყო, არამედ მისი თანამშრომლებიც, რომლებიც ღიად აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შესაწირ თანხას პირადად ჩხაიძე აძლევდათ.
სამაგიეროდ, გურიის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მისი ეს ქმედება ზეწოლით იყო გამოწვეული და რეალურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მან ისიც მოიშველია მაგალითად, რომ „ნაციონალებს“ ერთი პერიოდი გაექცა და პრაღაში ცხოვრობდა მხოლოდ იმის გამო, რომ დაჭერით ემუქრებოდნენ, თუმცა… ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩხაიძეს წინა ხელისუფლებამ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა 2012 წლის არჩევნებში დაფინანსებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ. ექს-გუბერნატორმა ეს შეთავაზება მიიღო და ამის მიუხედავად, ჩხენკელი მას ბოლომდე ლობირებდა და ყველას არწმუნებდა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ჩხაიძემ იძულებით გადადგა. უფრო ზუსტად კი, ჩხაიძე დარწმუნებული იყო „ნაციონალების“ წარმატებაში და საკუთარი თავის გადასარჩენად 2012 წელს ფული და კავშირები არ დაიშურა…
რაც შეეხება მოარულ ხმებს, თითქოს ჩხაიძის თანამდებობა შიდა დაპირისპირებას ემსხვერპლა, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდია და ეს ყველაზე კარგად თავად ჩხაიძემ იცის.
ამის მიუხედავად, ოპონენტები თემას, რომ ჩხაიძე ვიღაცის ინტერესებს შეეწირა, აქტიურად ამუშავებს და სამომავლოდ ისინი სწორედ ამ მიმართულებას განავითარებენ. გურიის ექსგუბერნატორმა დიდი გურულის დარად თქვა, სახლში მივდივარო და წესით, ყველა კითხვას სწორედ ამ ერთი ფრაზით უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები