საქართველოს მთავრობამ ორი წლის საქმიანობის ანგარიში კახეთში წარადგინა
მთავრობის წევრებმა საქმიანობის 2 წლის, ხოლო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მუშაობის 1 წლის ანგარიში კახეთის საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინეს.
პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის” ფარგლებში მთავრობის ანგარიშის პრეზენტაციები საქართველოს ყველა რეგიონში იმართება.
თელავის უნივერსიტეტში გუბერნატორმა საზოგადოებას ის პროექტებს გააცნო, რომლებიც რეგიონში მისი გუბერნატორობის პერიოდში განხორციელდა.
როგორც ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, 2014 წელს კახეთის რეგიონში 1200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოხდა 127 კმ საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულებამ 45 მილიონი ლარი შეადგენა.
მოეწყო 110 ჭაბურღილი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათეულობით კილომეტრ წყლის სისტემებს.
ასევე შეიქმნა წყლის ახალი სათავე ნაგებობები. შვიდ მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების რეაბილიტაციის კუთხით 40 მილიონი ლარის მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. აშენდა 4 ახალი სასაზღვრო პუნქტი.
ექსპლუატაციაში შევიდა 2 ჰიდროელექტრო სადგური (ყვარელი, ახმეტა), რომელთა ჯამური სიმძლავრე 15 მეგავატს აღემატება, ინვესტიციის ღირებულება 16 მილიონი დოლარია.
მშენებლობის ეტაპზეა მდინარე სტორზე და ლოპოტაზე ორი სადგური, ხოლო პროექტირების ეტაპზეა 4 ჰიდროელექტრო სადგური, რომელთა ჯამური ღირებულება 80 მილიონ დოლარს შეადგენს. გაზიფიცირდა 20 109 ოჯახი და მომავალ წელს დაგეგმილია 18 518 ოჯახის გაზიფიცირება. აშენდა 4 საბავშვო ბაღი, სოფელ ლამბალოში შენდება თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობა.რეაბილიტაცია ჩაუტარდა 89 საჯარო სკოლას და 87 საბავშვო ბაღს. 250 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პერსონალური კომპიუტერი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 250 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. ლაგოდეხის რაიონში ამბულატორიული მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა. 2015 წლის ბოლომდე დედოფლისწყაროში დასრულდება 25 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადყოფოს მშენებლობა. კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო ახალი ამბულატორიული შენობა. შემოყვანილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 19 ახალი ავტომანქანა. 2014 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გაცემულმა სოციალურმა დახმარებამ შეადგინა 4 700 000 ლარი, ხოლო სოციალური სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა პროექტების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 11 522 418 ლარი.
კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, ენერგეტიკის მინისრტის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ესწრებოდნენ.
მთავრობის წევრებმა რეგიონის მოსახლეობას მთავრობის 2 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და დაწვრილებით ისაუბრეს მათი უწყების მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კახეთში შეღავათიანი აგროკრედიტის მე-2 და მე-3 კომპონენტის ფარგლებში დაახლოებით 200 მილიონი ლარია გაცემული. პროგრამის ფარგლებში რეგიონში შექმნილია 40-მდე ახალი საწარმო. კახეთში შეყვანილია 56 ერთეული ტრაქტორი და 342 ერთეული დამხმარე ტექნიკა. გაშენდა 4 ათასი ჰექტარი ვენახი, 2014 წელს გადამუშავდა 120 800 ტონა ყურძენი, მოსახლეობის შემოსავლებმა 170 მილიონი ლარი შეადგინაა.
“ორგანიზებულად განხორციელდა ატმის მოსავლის დაბინავებაც. რეგიონში მოკრეფილი და რეალიზებულია 21 881 ტონა ატამი. საექსპორტოდ გატანილია 5 381 ტონა ასევე 1200 ტ. კარალიოკი, 200 ტ. თხილი და 150 ტ. მარწყვი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში განხორციელებული ფართომაშტაბიანი პროექტების და გაწეული მუშაობის შედეგებიც შეაჯამა.
მთავრობისა და მხარის გუბერნატორის საქმიანობის ანგარიშის შემდეგი პრეზენტაცია 9 დეკემბერს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში გაიმართება.