კახა კალაძე ენერგეტიკული ქარტიის 25-ე კონფერენციას დაესწრება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ასტანაში ენერგეტიკული ქარტიის 25-ე კონფერენციას დაესწრება და მინისტრთა სესიაზე პრეზენტაციას გამართავს – ამის შესახებ „კვირას“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, კონფერენციის ფარგლებში კახა კალაძე გლობალური ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, სატრანზიტო დერეფნების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საქართველოს , როგორც საიმედო პარტნიორის როლზე ისაუბრებს.
„ კონფერენციის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხებზე, ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება და ენერგეტიკული ქარტიის 26-ე კონფერენციას თბილისი უმასპინძლებს. ეს პროცესი ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობის გაზრდას. 1995 წლიდან საქართველო ევროპის ენერგეტიკული ქარტიის წევრია. ამჟამად, ევროპის ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კონფერენცია ორდღიანია და მინისტრი კახა კალაძე საქართველოში 28 ნოემბერს დაბრუნდება.