სუბარი: საქართველოში თავშესაფრის ბევრი მაძიებელი თუ ლტოლვილი მოდის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში თავშესაფრის ბევრი მაძიებელი თუ ლტოლვილი მოდის, – აღნიშნულის შესახებ მინისტრი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, აცხადებს.
“საქართველოში ბევრი თავშესაფრის მაძიებელი თუ ლტოლვილი მოდის ერაყიდან და სირიიდან – არიან ქურთები, იეზიდები, არაბები. გვყავს ლტოლვილები უკრაინიდანაც. როცა ჩვენვე ათასობით დევნილი გვყავს, ცოტა ძნელია მათი დაკმაყოფილება, თუმცა, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ლტოლვილებს ბინების დაქირავებაში, ვაძლევთ თავშესაფარს მარტყოფში. აშშ-ის დახმარებით შენდება ლტოლვილთა ახალი თავშესაფარი, 120 კაცზე გათვალისწინებული კორპუსი”, – აცხადებს მინისტრი. რაც შეეხება ადგილობრივ დევნილებს, სოზარ სუბარის თქმით, მთავარ პრობლემად კვლავ მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა რჩება.
“როდესაც სამინისტროში მოვედი, დამხვდა სტატისტიკა, რომ დაახლოებით 56 000 ოჯახია ბინით დასაკმაყოფილებელი. დასახლების გარდა, დევნილებში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროსთან და შევიმუშავეთ დევნილთა დახმარების ერთობლივი პროექტები. დევნილთა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური საშუალებაა “სოფლად სახლის” პროგრამა, რომელიც გულისხმობს 20.000 ლარის ფარგლებში სოფელში სახლის ყიდვას იმ დევნილისთვის, რომელიც მზად არის ქალაქიდან სოფელში წავიდეს. პროგრამის ეფექტურობა მის სისწრაფეშია – ინფრასტრუქტურა მოგვარებულია, სახლს აქვს მიწა, რომლის დამუშავებაც შეუძლია, ადამიანს შემოსავალიც უჩნდება და თანამდევი სტრესიდანაც გამოდის”, – აღნიშნავს სოზარ სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები