მარიამის, მეტსახელად ბაკაჩოს, ფილმივით ცხოვრება და ცხოვრებასავით ფილმები

სვანეთში დაიბადა და ისეთია, დღეს უცნაურს რომ ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში ისეთია, როგორიცაა. მართლაც, არავის ჰგავს, არც ტყუპის ცალსისეთივე საინტერესო და გამორჩეულ ფილმებს იღებს, როგორიც თვითონაა, თუმცა თავადაც ფილმის გმირს ჰგავს, აი, ისეთს, რომელიც არ მოგწყინდება და მისი ყოველი ნახვის მერე, რაღაც ახალს რომ აღმოაჩენ. მისი გადაღებული ფილმები უკვე აღიარეს უცხოეთში, მაგრამ ნამდვილი აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს. რეჟისორი და პოეტი,- მარიამ ხაჭვანი.

 

შეიძლება ითქვას, რომ ტყუპები საკუთარ თავს გვერდიდან აკვირდებიან, მაგრამ რითი არ ჰგავხართ ერთმანეთს? 1922555_705448939486271_43970359_n
– ჩემი ტყუპისცალი ჩემგან იმდენად განსხვავებულია, რომ ყველაფერზე მაკრიტიკებს, მე დედამთილს ვეძახი და მიმაჩნია, რომ დედამთილთან ცხოვრების პრაქტიკა უკვე მაქვს. ჩემი ტყუპის ცალი და ძალიან სერიოზული და წინდახედულია, მე კი – ზედმეტად მხიარული და ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ, – სანამ გამაბრაზებენ. დავიბადეთ უშგულში და ბავშვობა ძალიან კარგად მახსოვს. გიჟი ბავშვი ვიყავი, – ყველას ვცემდი, სკოლაში 5 – წუთიან შესვენებებზე ჩხუბს ვასწრებდი, მერე კი მასწავლებელთან ბეჯითი ბავშვის გამომეტყველებით ვიჯექი. ვსწავლობდი კარგად, განსაკუთრებით მათემატიკა და ისტორია მიყვარდა. ბავშობაში ხატვა რომ დავიწყე, დედაჩემი გადაირია: ხატვა გაგაგიჟებსო და არ მანებებდა, ფანქრები ერთხელაც არ უყიდია. მათემატიკის ნიჭი რომ აღმომაჩნდა, დედაჩემს გაუხარდა და მათემატიკის მასწავლებელთან მიმიყვანა, თუმცა არ მჭირდებოდა და მალევე გამოვედი. ყველას ეგონა, რომ მათემატიკის ნიჭს გამოვიყენებდი, სპეციალური კონკურსი “კენგურუც” მოვიგე. მამიდაჩემს კი იმედი ჰქონდა, რომ ეკონომიკურზე ჩავაბარებდი და ბანკის მმართველი გავხდებოდი.
და მიუხედავად ამისა, თეატრალურზე ჩააბარეთ...
– თეატრალურზე ჩაბარება მოულოდნელად გადავწყვიტე, ეს ამბავი მამაჩემს გაუხარდა. ბაბუაჩემის დამ კი ასე მითხრა, არ მომწონს, მსახიობები ბევრჯერ თხოვდებიანო, მე ვუპასუხე: რომელი მსახიობი დედაშენი იყო, ხუთჯერ რომ გათხოვდა – მეთქი?.. შემდეგ,  პროფესიიდან გამომდინარე, ხალხის ცხოვრებით უფრო დავინტერესდი და სულ ხანდაზმულებთან დავდიოდი, მათ ისტორიებს ვაყოლინებდი. ჩემმა დამ – თამუნამ მოხუცების დაქალიც კი შემარქვა, უმეტესობა ერთი და იგივე ისტორიას მიყვებოდა, თუ როგორ იზრდებოდნენ მშობლების გარეშე. ამან ჩემში პროტესტის გრძნობა გამოიწვია. ვცდილობდი, ამ ტრადიციების დადებითი მხარეები გამეგო და ვეკითხებოდი, თუ რას ფიქრობდნენ ტრადიციებზე, თუ რამ გამოიწვია, ან რამდენად აუცილებელი იყო ტრადიციის დაცვა, ვეძებდი სვანი მწერლების მიერ აღწერილ იმდროინდელ ცხოვრებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერსად აღმოვაჩინე.
პირველი კურსის ბოლოს ფილმი ,,ანდერძიგადაიღეთ, რომლის ნახვის დროს დღეს თურმე გეცინებათ, რატომ?1964701_705449146152917_27740079_n
– “ანდერძი” არის ბავშვზე, რომელსაც ბაბუა სიკვდილის წინ სამედიცინოზე ჩაბარებას სთხოვს, რადგან მათ სოფელს ექიმი არ ჰყავს (უშგულში ეგ დიდი პრობლემა იყო). როდესაც ბიჭი სკოლას დაამთავრებს, ბებია გამოცდებზე ჩამოჰყვება იმის შესამოწმებლად, ნამდვილად სამედიცინოზე აბარებს თუ არა. მხოლოდ ბოლო გამოცდაზე ბებია შემთხვევით წაიკითხავს შენობაზე წარწერას: “თეატრალური უნივერსიტეტი”. გაგიჟებულ ბებიას შვილიშვილი დაარწმუნებს, რომ თეატრალურზე ჩააბარა, – ოღონდ მედიცინის განხრით, რასაც გახარებული ბებია მართლა დაიჯერებს… შემდეგ უკვე დახვეწილი მსახიობი ხალხს მკურნალობს, რა დროსაც ბებია მოკვდება… ბებიის როლის შემსრულებელი  უშგულელი ქალბატონი მახსოვს, გადაღებაზე ისეთი გაპრანჭული მოვიდა, – ძლივს ვიცანი – წითელი პომადა, მწვანე საყურეები, ლაკის ფეხსაცმელები… საერთოდ, უშგულელებთან მუშაობა ძალიან ადვილია. ისინი კარგი მსახიობები არიან. ფილმ ,,დინოლას“ გადაღებისას ერთ სახლში ვითომ მიცვალებული უნდა დამეწვინა. ძალიან ვნერვიულობდი, უარი არ ეთქვათ, მაგრამ ბოლოს ისე რეალურად დაიტირეს, რომ სიცილი დავიწყე და პირველი დუბლი ამის გამო ჩავარდა. საერთოდ, უშგულელები ძალიან საინტერესო და თავისუფალი ხალხია. თეატრალურზე მიხო ბორაშვილის ჯგუფში ვსწავლობდი. ბატონი მიხო ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე მეფიქრა და შესაბამის მიმართულებას მაძლევდა, რის შედეგადაც ვიზიარებ ფრაზას: ,,მოუსმინე ყველას და გააკეთე შენი”, – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით….
მარი, თქვენი ფილმი, რომელშიც პირველი ჰონორარი აიღეთ, ტელევიზიით ჩვენეს, რაც თავისთავად წარმატებას ნიშნავდა.
– მეორე კურსზე გადავიღე დოკუმენტური ფილმი “ვერძობა“, რომელიც “რუსთავი-2- მა“ აჩვენა და, მართლაც, ჩემი პირველი ჰონორარი მაშინ ავიღე. მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მესამე კურსზე გადავიღე დოკუმენტური ფილმი „პორტრეტი ფანჯრის მიღმა”, რომელიც ერთ ბიჭზეა, ვისაც ორი ცხოვრება ჰქონდა, ქუჩაში მხიარული, ვითომ უდარდელი ბიჭის იმიჯით ხედავდნენ, ხოლო როცა საკუთარ თავთან რჩებოდა, ძალიან სევდიანი იყო. ფილმშიც ასე მაქვს: ზაფხულიდან კარებს ზამთარში აღებს, ხანაც პირიქით. ხოლო მეოთხე კურსზე კი  სტუდენტურ ”ზაფხულის კინოსკოლაში” მოვხვდი. ამ პროექტს “მშვიდობით, იარაღო“ ერქვა და კინოფირზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ბექნუ” გადავიღე. მახსოვს, თეატრალურში რომ მეკითხებოდნენ: რას აკეთებ ხაჭვანიო, ვპასუხობდი, რომ ფილმს ვიღებ ფირზე-მეთქი და ბავშვებს ვაოცებდი, რადგან იმ დროს ფირზე გადაღებაზე ოცნებაც კი არარეალური იყო. მაშინ ეს პროექტი არც არსებობდა და სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ეს ოცნება ამიხდა. ჩემმა მეგობარმა თამუნა გოლავამ კონკურსის ბოლო დღეს მითხრა: შევიტანოთ პროექტები კონკურსზეო, მე ვფიქრობდი: რა დამეწერა, მარტო სინოფსის ითხოვდნენ. ისე სწრაფად ავკრიფე თეატრალურის ბიბლიოთეკაში სინოფსისი და ამოვბეჭდე, რომ სახლში მოსული, ვერც ვიხსენებდი, რა მეწერა. მახსოვს, ზურა მაღალაშვილმა დამირეკა და მკითხა, სვანი მარიამი შენ ხარო? მე ვუთხარი კი – მეთქი, და როცა მითხრა: ზაფხულის კინოსკოლაში აგარჩიეთო, სიხარულისგან ხმას ვერ ვიღებდი. მიუხედავად სხვა მრავალ კონკურსში გამარჯვებისა, მსგავსი შეგრძნება არ მქონია!…
სვანეთთან განსაკუთრებული მშობლიური დამოკიდებულება გაქვთ1922552_705449002819598_116577601_n
– ბედნიერი ვარ, რომ ამ სამოთხეში დავიბადე, როდესაც მანდ ვარ, – დაძინება არ მინდა. სვანეთის მძიმე პირობებში მხოლოდ სვანეთის სიყვარული თუ გაგაჩერებს, – მეტი არაფერი… სვანეთზე   ადრე ასეთი ჩანახატი დავწერე:
„მინდა, ვუყურო, უსასრულოდ ვუყურო ყველაფერს… მინდა, ვუსმინო, უსასრულოდ ვუსმინო მდინარეს… მინდა, დავაბიჯო, დავაბიჯო ფეხი მთის წვერზე… მინდა, შევეხო, შევეხო ცას… მინდა, ვისუნთქო, უსასრულოდ ვისუნთქო ცივი ჰაერი… მინდა, მოვეფერო თითოეულ ქვას… მინდა, ვუყურო როგორ გაათბობს და გააწითლებს მზე ცივ შხარას… მინდა, დავლიო ცივი წყალი, სულს რომ აფხიზლებს… მინდა, ვითამაშო, გავისვარო ხელები მიწაში, როგორც ბავშვობაში… მინდა, ვიცინო, ხმამაღლა ვიცინო და ჩემი განწყობა ექომ გადასცეს სხვას… მინდა, ვიტირო, როდესაც ჩემი ბებია-ბაბუის საფლავზე ვდგავარ… მინდა, ვუყურო ხალხის გულწრფელ სახეებს, გულწრფელ სიყვარულს, გულწრფელ გაღიმებას…
იქ ყველაფერი ჩემია, ჩემია, ჩემი, ეს, სულ სხვა, ენით აუწერელი სამყარო“…
რაც შეეხება ფილმს, როცა სვანეთის ცხოვრებაზე ფილმის გადაღება გადავწყვიტე, სინოფსისი დავწერე და ირაკლი სოლომანაშვილს შევხვდი. მან მითხრა, სცენარი დამეწერა, ის კი დამეხმარებოდა, მერე  პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავას შემახვედრა, რომელმაც მირჩია, ჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაგვეღო ერთად. სანამ ბატონ ვლადიმერს შევხვდებოდი, მანამდე ბევრ პროდიუსერს ვესაუბრე, მაგრამ ვერავის გავუგე. ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. გამიმართლა და მყავს ისეთი პროდუსერი, რომელსაც მართალია, გენიოსი არ დაარქვეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ნამდვილი გენიოსია (მეგრელები გენიოსს არქმევენ ბავშვებს). მას ჰყავს ნიჭიერი ჯგუფი, რომელსაც ვენდობი და იმედი მაქვს, ყველა ერთად შევქმნით ფილმს სახელად – ”დედე” და ეს ფილმი პალმას დაიმსახურებს.
შემდეგ კი კინოცენტრის მხარდაჭერით ასე გადავიღეთ სრულმეტრაჟიანი ფილმი “დინოლა“. არ დამავიწყდება, როდესაც ,,დინოლაზე” კინოცენტრში დაფინანსება მოვიპოვეთ და პროდიუსერმა შემატყობინა, სიხარულისგან ხმა არ მქონდა. ეს ფილმი ასეთ თემაზეა: სვანეთში უწინ ქვრივებს იძულებით ათხოვებდნენ და ბავშვებს ქმრის ოჯახი იტოვებდა. მე კი ვეხუმრე ბაბუაჩემის დას, მაგრამ ეს თემა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, მით უმეტეს, ჩემი ოჯახის წევრებს გადახდათ თავს. ბაბუაჩემი შალვა ხაჭვანი და ბებია – ლუბა ჭელიძე, როდესაც 4-5 წლის ბავშვები იყვნენ, ამ ტრადიციის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, რაც ფილმში სრული სიზუსტით გადავიტანე.
– 2012 წელს თქვენმა სცენარმა ფილმისთვისდედეგაიმარჯვა...
– დიახ, ეს იყო ლიტერატურულ კონკურსში “გალა“ და ის  წლის საუკეთესო სცენარად დასახელდა. 2013 წელს კი “დედემ” ერევანშიც გაიმარჯვა და  საუკეთესო რეგიონალურ პროექტად დასახელდა. ამის გარდა, “დედე“ რუმინეთშიც და გერმანიაშიც ვორკშოფზე აირჩიეს.  წელს მოვიგეთ კონკურსი კინოცენტრში და ფილმის დაფინანსება მოვიპოვეთ. ამჟამად ვმუშაობთ სცენარის განვითარებაზე და პარალელურად ვეძებ ნიჭიერ სვანებს, რომლებსაც ამ ფილმში გადავიღებ. სვანებს იმიტომ, რომ ფილმი სვანურ ენაზე იქნება და მასში სვანი საკუთარ თავს ითამაშებს.
საკუთარ თავზე რა ჟანრის ფილმს გადაიღებდით და როგორ?
-საინტერესო შეკითხვაა, ალბათ დრამას გადავიღებდი. ვაჩვენებდი, როგორ შეუძლია ადამიანს მწვერვალზე ასვლა ისე, რომ საკუთარ თავს არ გადააბიჯოს.
გაიხსენეთ ორი ამბავი: პირველი, როცა ძალიან გაგიხარდათ, მეორე როცა გეწყინათ...
– ჩემი ძმა-ლევანი სულ მეხუმრებოდა: ნუ ხატავ, მაინც გადასაყრელია შენი ნახატებიო. ერთ მშვენიერ დღეს  საკუთარი თვალების არ მჯეროდა, მის ოთახში შევედი და რას ვხედავ, ჩემი ყველა ნახატი, გადაგდებულებიც კი, რომლებსაც კარადის უკან ვინახავდი, ყველაფერი თავის ოთახში კედელზე ჩამოუკიდია, მართლა ძალიან გამიხარდა და როცა ეს ამბავი მახსენდება, სულ მეცინება. რაც შეეხება წყენას, თამაშის დროს ჩემს ბიძაშვილს გაუტყდა დისკი, სადაც მოხუც ნათესავებზე ჩემ მიერ გადაღებული პირველი დოკუმენტური ფილმი იყო ჩაწერილი. ისინი დღეს ცოცხლები აღარ არიან, სხვა ეგზემპლარი კი არ მქონდა. კიდევ კარგი, მოგვიანებით დაუმონტაჟებელი მასალა აღმომაჩნდა. როცა მოვიცლი, აუცილებლად დავამონტაჟებ.
მარიამ, თქვენი ფილმები უცხოეთშიც მოსწონთ...
-ახლა ჩემი პროდიუსერი ირანელ რეჟისორთან ფილმს იღებს. მოხსენ მახმალბახმა კანში პრიზი დაიმსახურა, ცნობილი რეჟისორია, ფესტივალებზე პროდუსერი აგზავნის, ფაქტობრივად მან გაიტანა უცხოეთში  ფილმი „დინოლა“, რომლის პრემიერა  “რუსთაველში“უკვე გაიმართა, მაგრამ სურათი ბევრმა ვერ ნახა. ავთო ვარსიმაშვილი დაგვპირდა, რომ “თავისუფალ თეატრში“ ამ ფილმის ჩვენებას მოგვიწყობს. ახლახან კი შეგვატყობინეს, ფილმი ესპანეთშიც გავა კონკურსზე. “დინოლა” აგრეთვე  წარდგენილი იყო საფრანგეთში, მონპელიეს კინოფესტივალზე, სადაც ძალიან მოიწონეს, შემდეგ ასევე საფრანგეთში, კლერმონის კინოფესტივალზეც დაინტერესდნენ პროდიუსერები, რეჟისორები და მედია, რა თქმა უნდა – მაყურებელიც. ყველა ჩემს გაცნობას ცდილობდა, უამრავი მოწვევა მივიღე ფესტივალის დირექტორებისგანაც. “დინოლა“ ასევე მიწვეულია შვეიცარიაში, ჰონკონგში, სადაც მარტში მივემგზავრებით და ამის გარდა დანარჩენი კონკურსებიდანაც ველოდებით პასუხებს.
როგორი და სად იქნებით 20 წლის მერე?1082048_705449459486219_987756890_n
-20 წლის მერე ვიქნები ვარსკვლავი და საქართველოში ვიქნები!
ძალიან თავდაჯერებული ხართ და წარმატების მისაღწევად ესეც გეხმარებათ...
– უშიშარი და ძლიერი ადამიანი ვარ, ამტანი და გამტანი,  თუ ძალიან მინდა, ქვეყნის გადატრიალება რომ დამჭირდეს, რასაც ხელს ვკიდებ, მაინც ბოლომდე ვაკეთებ. მეტსახელად რევოლუციონერს და კიდევ რას აღარ მეძახიან… რაც მთავარია, მჯერა, რომ ადამიანისთვის ოცნება არაფერია, მისი შესაძლებლობა შეუზღუდავია, მთავარია, ჰქონდეს რწმენა და  ბოლომდე უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის, რადგან ქვეცნობიერს ვერ მოატყუებ.

 

თეონა გოგნიაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები