ირაკლი ღარიბაშვილი: სახეზე გვაქვს საბოტაჟის ნიშნები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება, სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს ატარებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ადგას. მისი თქმით, ეს კურსი არის ურყევი და აქედან გადახვევა გამორიცხულია.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ყველას, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას უკავშირდება.
“შეგნებულად დამახინჯებული გზით მიჰყავთ ჩვენი მთავრობის ყოფილ წევრებს აღნიშნული პროცესი. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლება ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ეს კურსი არის ურყევი და აქედან გადახვევა გამორიცხულია. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ვერავინ მოახერხებს საკუთარ თავზე მიიწეროს ხალხის ორიენტაცია. ამით სპეკულირება არის მიუღებელი, გაუმართლებელი და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წელს ქართველმა ხალხმა ნდობის მანდატი მისცა კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი- ქართულ ოცნებას”.
“ჩვენ მიერ გაცხადებული კურსით, მათ ეს ნდობის მანდატი კიდევ დაამტკიცეს. ეს არც ერთი პოლიტიკური გუნდის დამსახურება არ იყო. ვერავინ ვერ შეძლებს ამ ნდობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის. ასეთი გაუაზრებელი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საფრთხე ექმნება ჩვეს სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ადგას. საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის – “თავისუფალი დემოკრატების” წევრები და არჩევანს აკეთებენ პიროვნებას და სახელმწიფო შორის და სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს, თუმცა გამოძიების პროცესის შეფერხება პოლიტიკურ სარჩულით არის შეუძლებელი. ჩვენი სახელმწიფო არ მისცემს საშუალებას არც ერთ ადამიანს, რომ დაწყებული გამოძიება წარიმართოს არასწორად და მოხდეს პოლიტიზება. მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები