შალვა მაისურაძე : „პარასპორტის განვითარების ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი პროფესიული წინსვლისა და მაღალი შედეგების მისაღწევად“
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა მაისურაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განცხადება თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა პირობა აქვს შექმნილი პროფესიული წინსვლისა და მაღალი შედეგების მისაღწევად.
„წლების განმავლობაში პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობდი და ზუსტად ვიცი, რას ემსახურება პარასპორტი და რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ადამიანების ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებას წარედგინა ფილმი, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენი პარასპორტსმენების შრომას, თავდადებასა და მნიშვნელოვან მიღწევებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რომლის შედეგადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს ქართველი პარასპორტსმენების წარმატებებს.
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სატრანსპორტო მხარდაჭერით, რაც პარასპორტსმენებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ დაუღალავ შრომას და გპირდებით, რომ მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებებითა და ღირსეული შედეგებით დაგიბრუნდებით“, – განაცხადა შალვა მაისურაძემ.