ნოდარ ბოკერია: ,,ვიდრე “ქართული ოცნების” გუნდი უმაგრებს ზურგს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავისი ინტერესებისთვის ვერავინ გამოიყენებს’’ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ნოდარ ბოკერია ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

მისი შეფასებით, რეზოლუცია არაერთ უზუსტობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას შეიცავს. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, იგი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იყენებს ისეთ პოლიტიკურ ტერმინებს, როგორიცაა „პოლიტიკური პატიმრები“, „პრორუსული“ და „ანტიევროპული“, მაშინ როდესაც მსგავსი დოკუმენტი კონკრეტულ საკითხებზე არგუმენტირებულ მსჯელობასა და დასაბუთებულ დასკვნებს უნდა ეფუძნებოდეს.

რეზოლუციის შინაარსზე საუბრისას, ნოდარ ბოკერიამ ყურადღება გაამახვილა იმ ნაწილზე, სადაც, მისი თქმით, ტელეკომპანიების -„იმედისა“ და „პოსტ ტივის“ მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნაა გაჟღერებული.

„ასეთი მიდგომა მედია პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამასთანავე, წარმოადგენს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და საზოგადოების არჩევანის უპატივცემულობას“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მედია პლურალიზმი და განსხვავებული აზრის პატივისცემა ევროპული ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია, რის გამოც მსგავსი მოთხოვნები თავად იმ პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელთა დაცვაზეც ევროკავშირი საუბრობს.

ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე საქართველოს ხელისუფლების პრორუსულად ან ანტიევროპულ ძალად წარმოჩენის მცდელობა რეალობას მოკლებულია. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ნოდარ ბოკერიამ.

მისივე თქმით, ვიდრე ქართული ოცნების გუნდი უმაგრებს ზურგს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავისი ინტერესებისთვის ვერავინ გამოიყენებს.

სიტყვის დასასრულს, ნოდარ ბოკერიამ საგარეო პოლიტიკურ გუნდს მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მსგავსი სწორი ნაბიჯებით დაიმკვიდრებს ადგილს თანამედროვე მსოფლიო წესრიგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები