შალვა სუთიაშვილი: „2029 წელს საქართველო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც არის კიდევ ერთი აღიარება იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო სპორტულ რუკაზე სულ უფრო ძლიერ პოზიციებს იკავებს“

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ქართული სპორტის წინსვლასა და განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართულ სპორტს განვითარების სრულიად ახალი შესაძლებლობები აქვს. შალვა სუთიაშვილმა ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობაში ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ წვლილზეც ისაუბრა და მას ამისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული წვლილი ქართული რაგბის განვითარებაში. სწორედ 2008 წლიდან დაიწყო ის მასშტაბური მხარდაჭერა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივაციისა და შესაძლებლობების ზრდას. შედეგად, ქართულმა რაგბიმ განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო და დღეს უკვე საერთაშორისო სპორტულ სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ამ ღვაწლის აღიარების ნიშნად ბატონ ბიძინა ივანიშვილს მსოფლიო რაგბის ფედერაციისგან განსაკუთრებული ჯილდოც გადაეცა. როგორც ცნობილია, 2017 წელს საქართველოს ჰქონდა პატივი ემასპინძლა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის. დღეს კი, ცხრა წლის შემდეგ, მსოფლიო რაგბიმ კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ჩვენს ქვეყანას და კვლავ მოგვანდო ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირის მასპინძლობა, ამჯერად უკვე გაზრდილი მონაწილე გუნდების რაოდენობით. ჩემპიონატი სულ რამდენიმე დღეში დაიწყება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების წარმატებული მასპინძლის, რეპუტაციას. ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით“- განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა და განაცხადა, რომ ჩვენი მორაგბეები ღირსეულად წარმოადგენენ ქვეყანას და ისტორიულ შედეგს მიაღწევენ.

შალვა სუთიაშვილმა თავის გამოსვლაში პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირების მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზეც ისაუბრა. როგორც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განაცხადა, 2012 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა პარა მოძრაობის წარმომადგენლებთან გამართა და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მისივე თქმით, ამ დაპირებას რეალური შედეგები მოჰყვა და უკვე 2013 წლიდან პარასპორტის სისტემური მხარდაჭერა დაიწყო.

„აშენდა თანამედროვე პარასპორტული ცენტრი, რომელიც სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია. სწორედ ამ სივრცემ მისცა შესაძლებლობა არაერთ მომავალ ჩემპიონს, საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოეჩინა. აღსანიშნავია, რომ თუ 2012 წელს ამ მიმართულების ბიუჯეტი მხოლოდ 70 000 ლარს შეადგენდა, დღეს ის თითქმის 5 მილიონ ლარს აღწევს. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების და თანმიმდევრული პოლიტიკის ნათელი მაგალითი. მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების მუდმივი მხარდაჭერისთვის“- განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2029 წელს საქართველო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც მისივე თქმით, არის კიდევ ერთი აღიარება იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო სპორტულ რუკაზე სულ უფრო ძლიერ პოზიციებს იკავებს.

„ამასთანავე, 2026 წლის განმავლობაში საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში 80-მდე საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი“- განაცხადა შალვა სუთიაშვილმა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თბილისში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროექტი თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია და მსგავსი ცენტრები დედაქალაქის ყველა რაიონში უნდა აშენდეს.

გამოსვლის ბოლოს, შალვა სუთიაშვიმა „სტუდფესტზეც“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროექტმა ახალგაზრდების უდიდესი პოტენციალი კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

„ასევე, პირველად ისტორიაში ჩატარდა ბავშვთა ოლიმპიადა, რომელიც ქართული ნიჭის, ენერგიისა და შესაძლებლობების საუკეთესო წარმოჩენა იყო. სწორედ ასეთი პროექტები ქმნის ჯანმრთელ, განათლებულ, აქტიურ და წარმატებულ მომავალ თაობას “- განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები