ჯუმბერ იზორია: მოხარული ვარ, რომ დღეს ადგილზე გავეცანით მოცვის მოსავლის აღების პროცესს და ვიხილეთ წარმატებული აგროპროექტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროს დავით გახარიასთან ერთად, სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის პლანტაციები დაათვალიერა.
ჩხოროწყუს მერიის ცნობით,
სოფელ ზუმში გოგი თოლორდავას მოცვის პლანტაცია 6 ჰექტარზეა გაშენებული. აქ ყოველდღიურად დაახლოებით ტონანახევარი მოსავალი იკრიფება. როგორც პლანტაციის მესაკუთრე აღნიშნავს, ბაღი მეოთხე წელია ფუნქციონირებს და მიმდინარე სეზონზე 10 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. პროექტი სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავალი” ფარგლებში, 90 000 ლარამდე თანხით დაფინანსდა.
სოფელ ლესიჭინეში ლუკა ჯაჯანიძის „იბერიის მოცვის ბაღები” 2022 წლიდან ვითარდება და დღეს უკვე 45 ჰექტარს მოიცავს. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა – „დანერგე მომავალის” ფარგლებში 675 000 ლარით დაფინანსდა. ასევე ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტით.” აქ დღეში 15 ტონამდე მოსავალს იღებენ.
პლანტაციების დათვალიერების შემდეგ მერი აქ დასაქმებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. პლანტაციები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ეწყობა, ამ ეტაპზე სამუშაოზე სოფელ ზუმში 80, ხოლო ლესიჭინეში დასაქმებულია 200 -მდე ადგილობრივი. მათი რიცხვი მასიური კრეფის დროს მნიშვნელოვნად გაიზრდება.
იზორიას თქმით, აგროპროექტები მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ადგილზე გავეცანით მოცვის მოსავლის აღების პროცესს და ვიხილეთ წარმატებული აგროპროექტები, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინიციატივები ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, აძლიერებს სოფლის მეურნეობის სექტორს და ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ ჩხოროწყუს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი თანამედროვე და კონკურენტუნარიანი აგრობიზნესის განვითარებისათვის. ჩვენ მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს ფერმერებსა და მეწარმეებს, რათა კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდეს და ჩვენი მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდეს.” – აღნიშნა ჯუმბერ იზორიამ.
ამ ეტაპზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ლურჯი მოცვის პლანტაციები ჯამში 108 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.