ბექა გელენავა: დღეს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას
„შუა დერეფანი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთიდან იწყება და საქართველოს გავლით ევროპას უკავშირდება. ამ მარშრუტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წარმოადგენს, რომელმაც საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქცია კიდევ უფრო გააძლიერა“, – განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ბექა გელენავამ გააკეთა.
მისივე განცხადებით, შუა დერეფანში საქართველოს მზარდი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ზრდის სატრანზიტო შემოსავლებს, იზიდავს ინვესტიციებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო დონეზე.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის 751 მილიონი დოლარის პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკმა საქართველოს 372 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი გამოუყო“, – განაცხადა ბექა გელენავამ სხდომაზე.
საკრებულოს წევრმა ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განახლებულ პროგნოზზეც გაამახვილა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.3%-დან 6.5%-მდე გაიზარდა. მისი შეფასებით, აღნიშნული პროგნოზი იმ სწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი ატარებს.
“დღეს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას” – განაცხადა ბექა გელენავამ.