„ესტატე ბერიაშვილი – კაცი ძეგლის და არდავიწყების“ – ვინც თავისი პროფესიის და ახმეტელის ერთგული დარჩა ბოლომდე

სანდრო ახმეტელი 140 წელთან დაკავშირებით, ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს.
„როცა ყველაფერი დამთავრდა, როცა სანდრო ახმეტელი მოიშორეს რუსთაველის თეატრიდან, დარჩნენ იქ ერთგული ადამიანებიც. ბევრი ვეძებე ქიზიყში მისი გვარის გამგრძელებლები.ვერც ნათესავები მოვიძიე.
ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას სინდისი და პატიოსნება. ასეთი უჩინარი პიროვნებები ქმნიან ერის ისტორიას. ეს კაცი რომ არა, სანდრო ახმეტელის დოკუმენტების, სარეპეტიციო ჩანაწერების ორტომეულიც არ გვექნებოდა.
იმ კოლაფსის მერე, რუსთაველის თეატრის მუზეუმის თანამშრომელს, ესტატე ბერიაშვილს, ღამღამობით გამოჰქონდა სარეპეტიციო ჩანაწერები, თეატრის ისტორია და სახლში მიჰქონდა, ფურცელ-ფურცელ.საწოლის ქვეშ აწყობდა და ზედ წვებოდა .რამდენ უძილო ღამეს გაატარებდა ერთი უბრალო, თავისი პროფესიის და ახმეტელის ერთგული კაცი! ასეთ პიროვნებებზე დგას ქვეყანა! ასეთი ადამიანები ძეგლის ღირსნი არიან!
სრული ინკვიზიციის პერიოდში ასე გადაარჩინა ძვირფასი მასალა და ჩანაწერები.
როცა უბრძანეს, გამოეტანა და დაეწვა ყველა დოკუმენტი, რაც ახმეტელთან იყო დაკავშირებული, მაკულატურას წვავდა თვალის ახვევის მიზნით თეატრის ეზოში! 37 წელს, უნიჭიერესი კაცი, რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე, ია ქანთარია დახვრიტეს. მერე ვინ განაგებდა მუზეუმს, არ ვიცი. მერე თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძე და რეპრესირებული მშობლების შვილი, ლალი ყურულაშვილი იყვნენ. დღეს მუზეუმს ბელა ჭუმბურიძე უძღვება.
დამავიწყდა. ესტატე ბერიაშვილის ფოტო არ იძებნება. უფრო სწორად, გრაფიკულად შესწორებული ფოტოა ყველგან და ისევ მისი კუმირის ფოტო დავდე, მისი სანდრო ახმეტელის“, – წერს ნოდარ პაპუაშვილი.