მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები – საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

„მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები