რომის პაპი: ომის ოსტატებმა თითქოს არ იციან, რომ განადგურებას ერთი წამი სჭირდება, აღდგენისთვის კი ხშირად მთელი სიცოცხლეც არ არის საკმარისი
რომის პაპმა ლეო XIV-მ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.
ეს უჩვეულოდ მკვეთრი განცხადებები მან ხუთშაბათს, კამერუნში ყოფნისას, მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მას სოციალურ ქსელში თავს დაესხა.
პაპმა ასევე გააკრიტიკა ის ლიდერებიც, რომლებიც რელიგიურ ენას ომების გასამართლებლად იყენებენ.
„ომის ოსტატები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ განადგურებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება, აღდგენისთვის კი ხშირად მთელი სიცოცხლეც არ არის საკმარისი. ისინი თვალს ხუჭავენ იმ ფაქტზე, რომ მილიარდობით დოლარი იხარჯება მკვლელობებსა და ნგრევაზე, მაშინ როცა განკურნების, განათლებისა და აღდგენისთვის საჭირო რესურსები არსად ჩანს“, – განაცხადა რომის პაპმა.