ლევან მახაშვილი – ბრიუსელზე: პრეტენზიის ტონით საუბრობენ ხოლმე, ომის პარტიას რატომ ახსენებთო, ფაქტია, ერთი სული აქვთ, საქართველოს ამ პროცესებში ჩათრევას ცდილობენ
მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ ვართ საინფორმაციო ომში, ვისაც როგორ შეუძლია ამ საინფორმაციო ომში არის ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საინფორმაციო ჰიბრიდული ომი ამ ეტაპზე ბევრ ფრონტზეა გაშლილი.
„რუკასაც თუ დავხედავთ ვნახავთ, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი არის ერთგვარი გაწვეტა რუსეთსა და სხვა რეგიონებს შორის და რა თქმა უნდა ბევრის ინტერესშია აქ იყოს არასტაბილურობა. ამით შეიძლება აიხსნას მთელი ეს იერიში, რასაც საქართველოსთან დაკავშირებით ვხედავთ გასული წლების განმავლობაში. პრეტენზიის ტონით საუბრობენ ხოლმე ომის პარტიას რატომ ახსენებთო, ფაქტია ერთი სული აქვთ, საქართველოს ამ პროცესებში ჩათრევას ცდილობენ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას რთულ პროცესებს მომავალშიც წარმატებით გაატარებს.
„საბედნიეროდ ჩვენ ხალხის დახმარებით შევინარჩუნეთ გონივრული პოლიტიკა. ეს არ არის მარტივი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის ზურგზე გადადის, უპირველესად ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ზურგზე გადადის ეს წნეხი, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ ხალხის დახმარებით აქამდე მოგვეტანა ეს ქვეყანა და იმედია, რომ ამის შემდგომაც წარმატებით გავივლით ამ პროცესს. მთავარი ფილმი და ნაბიჯები როგორც ჩანს წინ არის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.