წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და მმართველობის რეფორმების კომიტეტმა ორშაბათს ბილ და ჰილარი კლინტონების ჩვენებების ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის პასუხები, როდესაც ისინი მსჯავრდებულ სექსუალურ დამნაშავესთან, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირზე დაკითხეს.
ჩვენების მსვლელობისას, კლინტონებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ ეპშტეინის ან მაქსველის დანაშაულების შესახებ.
ჰილარი კლინტონმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ მას არ ახსოვს ეპშტეინთან შეხვედრა და მხოლოდ მცირე ხნით შეხვდა მის თანამოაზრეს, გისლეინ მაქსველს.
პარასკევს, ოთხი საათის განმავლობაში მიცემულ ჩვენებაში ბილ კლინტონმა კომისია მეუღლის დაბარების გამო გააკრიტიკა.
ბილ კლინტონმა კომიტეტს განუცხადა, რომ მან ეპშტეინთან ურთიერთობა რამდენიმე წლით ადრე დაასრულა, სანამ ფინანსისტი 2008 წელს არასრულწლოვან გოგონასთან პროსტიტუციის მოწვევისთვის დანაშაულს აღიარებდა.
გავრცელებული ცნობით, ეპშტეინი კლინტონის პრეზიდენტობის დროს არაერთხელ ეწვია თეთრ სახლს და მათი ხელის ჩამორთმევის ფოტოები არსებობს, თუმცა ბილ კლინტონის თქმით, მას ეს ურთიერთობა არ ახსოვს.
ასევე, ყოფილმა პირველმა ლედიმ ჩვენების მიცემის დროს, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის რესპუბლიკელები გააკრიტიკა.
„თქვენ არცერთი საჯარო მოსმენა არ ჩაატარეთ, უარი უთხარით მედიას მათზე დასწრების ნებართვაზე, მათ შორის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ათობით შემთხვევაში ხაზგასმით აღნიშნეთ გამჭვირვალობის აუცილებლობა. ეს ინსტიტუციური კრახი ერთი პოლიტიკური პარტიისა და ერთი საჯარო მოხელის დასაცავად არის შექმნილი და არა მსხვერპლთა და გადარჩენილთათვის სიმართლისა და სამართლიანობის მოსაძებნად,” – აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.