აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმიგრაციის პოლიტიკა ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი მთავარი საკითხია,- აღნიშნულის შესახებ აქტიურად იწერება საერთაშორისი მედიაში.
ტრამპი საჯაროდ აცხადებს, რომ მისი მიზანია „ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაცია“. ეს მოიცავს არა მხოლოდ ახლად შემოსულ არალეგალურ მიგრანტებს, არამედ იმ პირებსაც, რომლებიც ქვეყანაში წლებია ცხოვრობენ, თუმცა სტატუსი არ აქვთ.
ტრამპის ადმინისტრაციამ გაამკაცრა საზღვრის კონტროლი და დეპორტაციის პროცესი, რაც, მათივე განმარტებით, არალეგალური მიგრაციის შემცირებასა და ქვეყნის უსაფრთხოების გამყარებას ისახავს მიზნად.
2025 წელს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას „ამერიკელი ხალხის დაცვა შემოჭრისგან“, რომელიც ადვილს ხდის არალეგალური ემიგრანტების სწრაფ დაკავებას და დეპორტაციას სასამართლო განხილვის გარეშე.
ასევე, აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელთა წლიური მიღების ლიმიტი მკვეთრად შემცირდა — თუ ადრე ქვეყანაში 125 000 ადამიანს შეეძლო თავშესაფრის მიღება, ახლა ეს რიცხვი 7 500-მდეა დაყვანილი.
როგორც მედია აღნიშნავს, იმიგრანტების მიმართ გაძლიერებული კონტროლი იწვევს პოლიტიკურ დაპირისპირებას და პროტესტს, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, სადაც გართულდა სამართლებრივი და საზოგადოებრივი ვითარება.
უახლესი გამოკითხვებით, ტრამპის იმიგრაციის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა იკლებს და მოსახლეობის დაახლოებით 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ მისი ზომები ზედმეტად მკაცრია.
ხშირად იმართება აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. მომიტინგეები იმიგრაციის კონტროლის სააგენტოს (ICE) მიერ განხორციელებულ დევნებს და დაკავებებს აპროტესტებენ.
აშშ-ში, იმიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციების ფონზე, იანვარში ორი გახმაურებული ინციდენტი დაფიქსირდა, რა დროსაც ფედერალური იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის აგენტების მონაწილეობით, ორი მოქალაქე დაიღუპა. ორივე შემთხვევა მინეაპოლისში მოხდა და საზოგადოებრივი პროტესტი და მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
ორივე შემთხვევის შემდეგ, მინეაპოლისსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ფედერალური ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი იმიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ. პროტესტის მონაწილეები აგენტების პასუხისმგებლობის დაყენებას და იმიგრაციის ოპერაციების შეჩერებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ხშირად აკავშირებს მიგრაციას ნარკოტიკების, განსაკუთრებით ფენტანილის, გავრცელებასთან. ამ კონტექსტში მან გააკეთა უკიდურესად მკვეთრი განცხადებები ნარკოტიკების შემტანების მიმართ და თქვა, რომ მათ პირდაპირ მოკლავს.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გამკაცრებული პოლიტიკა მიზნად ისახავს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას და იმისათვის, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მილიონობით მიგრანტის დეპორტაცია განახორციელოს, მას ამომრჩევლებისგან მიღებული მანდატი აქვს. თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს პოლიტიკა ადამიანის უფლებებს არღვევს და სოციალურ პრობლემებს ქმნის.