“ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს, ამიტომ, დეტალურად ვერაფერს გეტყვით, თუ რას ედავებიან ან რა მტკიცებულებებია მის წინააღმდეგ” – ილია ღუდუშაურის ადვოკატი
“იყო პირველადი შეხვედრა და კონტაქტი, ზოგად თემებზე ვისაუბრეთ მხოლოდ. ჯერ არ ვიცი, რას ედავებიან, რადგან ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს, შესაბამისად, საქმის მასალები არ გადმოუციათ ჩემთვის და ამიტომ დეტალურად ვერაფერს გეტყვით, თუ რას ედავებიან ან რა მტკიცებულებებია მის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მჭედლიშვილმა აღნიშნა, ილია ღუდუშაური ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
“დაკავება, ზოგადად, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, დაკავება უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს. როგორც ვიცი, მას ჯერ ჩვენებაც არ აქვს მიცემული. როგორც ვიცი, ფინანსურის საგამოძიებო სამსახურში დააკავეს. როგორც ჩანს, გამოძიება მიმდინარეობდა ამ საქმეზე, თუმცა გამოკითხული არის თუ არა და რამდენჯერ, ეს დეტალები არ გაგვივლია ახლა, ამ შეხვედრაზე, მაგრამ გუშინ, როგორც ვიცი, ფინანსურის საგამოძიებოს შენობაში მოხდა მისი დაკავება საღამოს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე – ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.