„რესპუბლიკური პარტია“ მომდევნო ორი წლის პოლიტიკური ხედვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
„რესპუბლიკური პარტია“ მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „რესპუბლიკური პარტიის“ ხედვით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ 2 წელიწადში, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის წინაშე მდგარი შემდეგი ძირითადი ამოცანები უნდა გადაჭრას:
1. მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება, რისთვისაც საჭიროა: კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვა; ამ ამოცანის შესაბამისი საარჩევნო სისტემის თაობაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა; პოლიტიკურ და სხვა შეხედულებათა მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის გარემოს დამკვიდრება; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებული ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარება;
2. დემოკრატიული ინსტიტუტების დაჩქარებული ტემპით განვითარება, რისთვისაც საჭიროა: ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის კონსტიტუციური საფუძვლების სრულყოფა; ხელისუფლების განხორციელების მაქსიმალური ინსტიტუციონალიზაცია და დე-პერსონალიზაცია; მმართველი პოლიტიკური ძალის სახელმწიფო–ადმინისტრაციულ სისტემასთან მორიგი შერწყმის არდაშვება; არა პიროვნულ ფაქტორებზე, არამედ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დამყარება;
3. კონკურენტუნარიანი და სწრაფად მზარდი ეროვნული ეკონომიკური სისტემის ფორმირება, რითვისაც საჭიროა: მთავრობის ეკონომიკური კურსის მეტი სიცხადე და თანმიმდევრულობა; გადაუდებელი სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების პრიორიტეტის ეტაპობრივი ჩანაცვლება ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის პრიორიტეტებით; სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლისა და მეურვეობის პრაქტიკის დასრულებასთან ერთად სახელმწიფოს წილის შემცირება ეკონომიკურ საქმიანობაში; ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით მოსახლეობისთვის შექმნილი ახალი შესაძლებლობების დროული რეალიზაცია;
4. ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრება, რისთვისაც საჭიროა: საკადრო პოლიტიკის დაფუძნება პროფესიონალიზმზე და კვალიფიკაციაზე და პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა; ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებზე სპეცსამსახურებისა და პარტიული სტრუქტურების მეურვეობის დაუშვებლობა; თვითმმართველობის რეფორმის პირველი ეტაპის შედეგების გამყარება (მერების, გამგებლებისა და საკრებულოების მიერ კანონით განსაზღვრული კომპეტენციებით სრულად სარგებლობა) და მეორე ეტაპის დაუყოვნებლივ დაწყება (მუნიციპალიტეტების ფინანსური და ეკონომიკური ბაზის გაზრდა, სტრუქტურული ოპტიმიზაცია); მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღის ღონისძიებების გატარება; პროკურატურის, პოლიციისა და სპეცსამსახურების სისტემის მოწყობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რათა სრულად გამოირიცხოს პოლიციურ–რეპრესიული სისტემის რესტავრაცია;
5. ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა: ნატოში ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაცია; გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების სრული და დროული იმპლემენტაცია; ქვეყნის უშიშროებასა და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და თანამდებობის პირებს შორის ამ საკითხებზე საჯარო ურთიერთბრალდებების პრაქტიკის აღმოფხვრა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ის ფაქტი, რომ ამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანატოვარია, ვეღარ გამოადგება „ქართული ოცნების“ კოალიციას თავის გასამართლებლად.
„ახალი ეტაპის პოლიტიკური ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად საჭიროა თავად კოალიციური სისტემის დახვეწა; კოალიციის სიმტკიცეს განაპირობებს მისი მეტი დემოკრატიულობა, მასში შემავალი პარტნიორი პარტიების ინტერესთა თანხვედრაზე დამყარებული რეალური კოლეგიურობა ხელისუფლების ყველა დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას, მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა კოალიციის სადამფუძნებლო პრინციპებთან, აგრეთვე საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლება.
ამის მისაღწევად და დასამკვიდრებლად „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ პარტნიორებს კოალიციის ეფექტიანობის გაზრდისა და უკეთ სტრუქტურირების ორ შესაძლო გზას სთავაზობს: ვაქციოთ არსებული სპეციფიკური (წინა ხელისუფლების მოშორებაზე ორიენტირებული) კოალიცია კლასიკური ევროპული ტიპის ისეთ კოალიციად, რომელსაც საფუძვლად დაედება კოალიციური შეთანხმება პასუხისმგებლობების სრულყოფილად გადანაწილებითა და დეკლარირებული და პრაქტიკული ერთიანობით საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე, ან ისეთ კოალიციად, რომელიც მასში შემავალი პარტიების საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად პოზიციონირებისა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების თავისუფლებას უზრუნველყოფს კოალიციაში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცნობილია კოალიციის ხელმძღვანელი ორგანოსთვის (პოლიტიკური საბჭოსთვის) და დარწმუნებულნი ვართ, რომ უახლოეს დროს პარტნიორებთან ერთად მივიღებთ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ჩვენს მიერ ერთობლივად ნაკისრი პასუხისმგებლობის ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. ამასთანავე, ჩვენ და ჩვენი კოალიციური პარტნიორები ანგარიშვალდებულნი ვართ ამომრჩევლების წინაშე და მზად უნდა ვიყოთ ამ განცხადებაში წამოჭრილ საკითხებზე მათი მოსაზრებების გათვალისწინებისთვის“, – აცხადებენ პარტიაში.
დღეისათვის – ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის თავზე – „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით დაასრულა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპი – „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟი, ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობის უზრუნველყოფა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციის ფუნდამენტის მომზადება სასამართლოს, ბიზნესისა და მედიის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებით. იმავდროულად, ამ პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა პრობლემა თუ გამოწვევა.