არასამთავრობო ორგანიზაციები მოხელეთა ატესტაციის პროცესზე დაკვირვებას გეგმავენ
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მოხელეთა ატესტაციის პროცესზე ყველა თვითმმართველ ერთეულში დაკვირვებას გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველ ერთეულებს მოუწოდებენ, ყველა დაინტერესებული პირის დასწრება და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყონ.
“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, ნებისმიერმა საჯარო მოხელემ, რომელიც ჩათვლის, რომ ტესტირების პროცესში მისი უფლებები დაირღვა, უსამართლოდ ან უკანონოდ მოექცნენ, უნდა მიმართოს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი დაგვთანხმდა, მერიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ისინი მოკლებული არიან შესაძლებობას, დავაკვირდეთ ამ პროცესს, რადგან უკვე შექმნილია საატესტაციო კომისია, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. ამის შემდეგ მერიასთან გაიმართა კონსულტაციები. მათ შეცვალეს მიზეზი, თუ რატომ არ გვეძლეოდა დაკვირვების შესაძლებლობა და გაგვიცხადეს, რომ დაკვირვების მოთხოვნით გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მივმართოთ, რადგან ტესტირების ეტაპის ორგანიზებას ცენტრი ახდენს”, – აღნიშნა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ტესტირებაზე დაკვირვების თხოვნით გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა, რაზეც ზეპირი თანხმობა უკვე მიიღო.
ნინო ლომჯარიას თქმით, მას დედაქალაქის მერთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელმაც უთხრა, რომ პრობლემები არ შეექმნებოდა. თუმცა ლომჯარიას შეფასებით, კადრების სამსახურიდან წამოსული რეაქცია ნეგატიური იყო.
როგორც “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ისინი გასაუბრებაზე დაკვირვების მოთხოვნით მერიას კიდევ ერთხელ მიმართავენ.