“გარდაბანზე” სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სს „საქრუსენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ, მთვრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა 330 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე „გარდაბანი“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდა.
პირველ ეტაპზე, 330 კვ ეგხ “გარდაბანზე” სარემონტო სამუშაოები შესრულდა, რომლებიც მოიცავდა ფაიფურის იზოლატორების შეცვლას შუშის იზოლატორებით, ასევე, ძლიერ დაჭუჭყიანებული და გატეხილი იზოლატორების შეცვლას. ჯამში, შეიცვალა 1500 ცალი იზოლატორი.
ამჟამად 330 კვ ეგხ “გარდაბანზე” მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელიც მოიცავს ქ/ს “გარდაბანი-500”-ში 330 კვ ეგხ “გარდაბნის” პორტალზე ფაიფურის იზოლატორების შეცვლას შუშის იზოლატორებით, ჯამში, შეიცვლება 130 ცალი ფაიფურის იზოლატორი შუშის იზოლატორით.
330 კვ ეგხ “გარდაბანი” წარმოადგენს მაღალი ძაბვის სისტემათაშორისო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს “გარდაბნისა” და “აღსტაფის” ქვესადგურებით და უზრუნველყოფს მათ პარალელურ რეჟიმში მუშაობას.
ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროგადამცემი ხაზის საიმედოობა, ამაღლდება მისი მდგრადობა და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის უსაფრთხო და უწყვეტ მიმოცვლას, რის საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ერთ მილიარდ კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის გატარება.