„მჯერა, რომ გაერთიანებული ძალისხმევით, უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ სირთულეებს“
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ ხალხს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
როგორც პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. „გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ვუსურვებ წარმატებებს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტეტიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება, სწრაფვა სახელმწიფო აღმშენებლობისა და უკეთესი მომავლისადმი. მტკიცედ მჯერა, რომ გაერთიანებული ძალისხმევით, უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ სირთულეებს. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო ახლად არჩეულ უმაღლესს რადას წარმატებული მოღვაწეობა ამ ურთულეს პერიოდში, უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.