პრემიერი პოლიციელებს: თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს პოზიციები 48 საფეხურით გაუმჯობესდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს პოზიციები 48 საფეხურით გაუმჯობესდა, ქართული პოლიციის დამსახურებაა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის 2-წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. “საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს პოზიციები 48 საფეხურით გაუმჯობესდა. ეს არის სწორედ ჩვენი პოლიციელების, ამ გმირი ბიჭების დამსახურება, რომლებსაც ხან სააკაშვილი აკრიტიკებს, ხან – ჩვენი ოპონენტები. მათ საქმიანობას სჭირდება დაფასება. მე ხშირად მეუბნებიან, რატომ ამბობ ხშირად მადლობას პოლიციელების მისამართითო. რა თქმა უნდა, უნდა ვუთხრა მადლობა და კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობას. თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არის დაცული. მე ყოველთვის მხარში დაგიდგებით, და მთელი მთავრობა – თქვენს საქმიანობაში. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა განვახორციელეთ უპრეცედენტო ამნისტია, 17 ათასი პატიმარი არის გამოშვებული, ამის მიუხედავად, აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდებით, დემოკრატიული მეთოდებით მართავენ ეს ადამიანები სიტუაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა შსს-ს ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შსს-ს 100-ზე მეტ ობიექტს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: “ამ ორი წლის განმავლობაში აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შსს-ს 100-ზე მეტ ობიექტს. გასულ წელს მრავალშვილიან თანამშრომლებს დანამატი გავუკეთეთ 200 ლარიდან 500 ლარამდე, ასევე ფინანსდება მათი მკურნალობის ხარჯებიც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვრის დაცვას. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ავაშენეთ 3 სასაზღვრო სექტორი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე – 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის საზღვარზე – 4 სასაზღვრო სექტორი, ხოლო საქართველო-თურქეთის საზღვარზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია კიდევ 3 ახალი სასაზღვრო სექტორის გახსნა. თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ”,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები