ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი ერთ გზას ხსნიდა ორი ხედით

სააკაშვილი ერთ გზას ხსნიდა ორი ხედით, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლების მმართველობის 2 წლიანი შეჯამებისას გააკეთა.
“სააკაშვილი ერთ გზას ხსნიდა ორი ხედით, ჯერ დააყენებდა აქეთ მხარეს გადაიღებდნენ და შემდეგ მეორე მხარეს. ეს იყო რელობა და ხალხს ატყუებდნენ, რომ ისინი ხსნიდნენ კილომეტრებს, ჩვენ ყოველთვის სიმართლეს გეუბნებით, მინდა ამის გჯეროდეთ და ამ სიმართლის გადამოწმება ძალიან მარტივია – ყველაფერი არის გამჭვირვალე და თქვენ თავად განსაჯეთ რა არის მართალი და რა ტყუილი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, გზებიც შენდება და ხიდებიც.
“დღემდე 2 მილიარდ 400 მილიონი ლარია დახარჯული. უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, მხოლოდ ერთ ციფრს მოვიტან. წინა ხელისუფლებამ თავის ორ ვადაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მხოლოდ 70 კილომეტრი დააგო. ჩვენმა მთავრობამ მხოლოდ ორ წელიწადში 40 კილომეტრი უკვე დააგო და წლის ბოლომდე ამ გზის კიდევ 18 კილომეტრი დაიგება. აი, ეს არის, ბატონებო, რეალობა, დანარჩენი თავად განსაჯეთ. მეტსაც გეტყვით, ჩვენ დავიწყეთ პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის გაყვანა არხოტის ხეობაში, იმ გზის, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა” , -აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონებში ხორციელდება ძალიან ბევრი პროექტი.
“ავაშენეთ 16 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კილომეტრ გზას და 87 ხიდს. ჩვენი მიზანია საბოლოოდ გზებისა და ხიდების პრობლემა არც ერთ სოფელში არ დარჩეს. 21-ე საუკუნეში, წინა ხელისუფლების მიერ ლამის “სინათლის ქვეყნად” გამოცხადებულ საქართველოში, ჯერ კიდევ იყო სოფლები, სადაც არასოდეს ანთებულა სინათლე და ხალხი სანთლის შუქზე ცხოვრობდა. ჩვენ დავიწყეთ უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება და უკვე გავანათეთ 8 სოფელი. ამჟამად კიდევ 20 სოფლის განათების სამუშაოები მიმდინარეობს” , -განაცხავა პრემიერ-მინისტმა. მისი თქმით, 117 ათასზე მეტ აბონენტს მიეწოდება ბუნებრივი აირი. “ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაში. ჩვენ შევამცირეთ ტარიფები, მართალია მცირედით, მაგრამ, ამით ჩვენმა მოსახლეობამ 110 მილიონი ლარი დაზოგა”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას. “ჩვენ მაქსიმალურად, რაციონალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, რათა ენერგოსექტორი განვავითაროთ. უკვე ამუშავდა 7 ახალი ჰიდროელექტროსადგური. მხოლოდ ენერგეტიკაში 347 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მე ვიცი, რომ საზოგადოებას აღელვებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხი და ამიტომ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ არ ვიღებთ არც ერთგადაწყვეტილებას ისე, თუ არა გვაქვს კვალიფიციური ექსპერტული დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ პროექტების განხორციელებას. ამიტომ მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა რისკი, რომელიც ახლავს დიდი პროექტების მშენებლობას, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურების გარდა საქარველოს მთავრობა მუშაობს ალტერნატიულ წყაროებზეც. “დავიწყეთ ქარის სადგურების პროექტის განხორციელება. ჩვენ ეს რესურსიც უნდა ავითვისოთ რაციონალურად. ეს პროექტები, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, დიდ ბიძგს მისცემს ჩვენს ეკონომიკას და გათვლილია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაზე”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები