„უცხოელმა პროკურორებმა სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის ბრალდება „აკურთხეს“

უცხოელმა პროკურორებმა სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის ბრალდება „აკურთხეს“. ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი იყო ერთი კონკრეტული საქმე, რომლის შესწავლის პროცესის შედეგად უცხოელი საქართველოში მოწვეული პროკურორების ჯგუფმა განაცხადა, რომ პროკურატურას ყველა მტკიცებულება კანონიერად აქვს მოპოვებული და სააკაშვილის, მერაბიშვილის, კოდუას და სირაძის მიმართ ბრალი კანონის სრული დაცვით არის წარმოდგენილი. დასკვნა დიპლომატიურ კორპუსსაც გააცნეს.
გამოცემასთან საუბრისას დეპუტატი ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და წინ განაჩენია, რომელსაც მაღალჩინოსნებს წაუყენებენ.
ინტერვიუ ვალერი გელაშვილთან:
– პროკურორებმა გააკეთეს ის შეფასება, რაც ობიექტურად რეალურად იყო. მეტი რა უნდა გაეკეთებინათ. ვინმე უარყოფს, რომ მიშამ ჩემზე ანგარიშსწორების ბრძანება გასცა? რატომ გამოარჩიეს მაინცდამაინც თქვენი საქმე? – მე მაშინაც ვიყავი პარლამენტის წევრი და ახლაც ვარ. დანაშაული ჩაიდინა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არ არის გამორჩეული? ვინც დანაშაული ჩაიდინა, იმან პასუხი არ უნდა აგოს? – ფიქრობთ, რომ თქვენ მიმართ სამართალი უკვე აღდგა? – ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. წინ ჯერ განაჩენია. – უცხოელი პროკურორების მისია ამ საქმის შესწავლით, ალბათ, არ ამოიწურება. არის თუ არა მათი დასკვნა რაიმე მინიშნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“? – ეს მე არ მეხება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეზე რეალური დასკვნა დაიდო. თუმცა, ეს ახალი ხომ არ იყო? ეს ყველამ ისედაც იცოდა. მიშას ბოლომდე ჰქონდა პირადი შუღლი ჩემ მიმართ. ამის დასტური იყო ისიც, რომ 2012 წლის არჩევნების დროს ხაშურში, სადაც მე მაჟორიტარად კენჭს ვიყრიდი, სპეცნაზი შემოიყვანა. ომი გამომიცხადა. ეს ხომ არავის ავიწყდება. ამის იქით ექსპერტები რა მიზნით ჩამოვიდნენ და რა დააფიქსირეს, ამის შეფასება ჩემი კომპეტენციის მიღმაა. მე ვიცი, რომ 9 წლის განმავლობაში ბევრი რამ გადავიტანე. მე მაინც მოვედი დღემდე და ისევ პარლამენტის წევრი ვარ. თუმცა შემეძლო გავქცეულიყავი და სხვაგან მეცხოვრა. ეს არ გამიკეთებია. – თქვენ იცოდით, რომ უცხოელი პროკურორები თქვენს საქმეს სწავლობდნენ? – არა. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. ეს ხელისუფლებამ თვითონ გადაწყვიტა. ეს იქნებოდა თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე შემიძლია მოვითმინო ათი, ოცი წელიწადი, მაგრამ ჩემს სიმართლეს მაინც ყოველთვის მივაღწევ. მე ამ შემთხვევაში ცხრა წელი ვითმინე, მაგრამ მაინც დავაყენე საკითხი, რომ ჩემ მიმართ სამართლიანობა აღდგენილიყო. სიმართლე კი ერთია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები