რუსთავში, შარტავას გამზირზე საზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე – შარტავას გამზირზე, ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

ნინო ლაცაბიძის თქმით, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე. შარტავას გამზირზე საფეხმავლო ბილიკები პრაქტიკულად დაკარგული იყო, მოქალაქეები ფეხით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ეს ტერიტორია ავტოსადგომს ჰქონდა დაკავებული. პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები და დამონტაჟდება ახალი სანათები”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიხედვით, 1400 კვ.მ ფართობზე დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ტროტუარების, ველობილიკების, სარწყავი სისტემის, გარე განათების ახალი ქსელის და დასასვენებელი არეალების მოწყობაა განსაზღვრული. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიმდებარედ არსებულ შიდასაუბნო სივრცესაც.

 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვანია.

 

„რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შარტავას გამზირზე ახალი საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ სივრცეს, სადაც მოქალაქეები უსაფრთხოდ შეძლებენ ფეხით გადაადგილებას”, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

პროექტის ღირებულება 754 358 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები