ვაცხადებთ ოფიციალურად, რომ არც შარშან და არც წელს ტოქსიკოლოგების ასოციაციისთვის არავის არ მოუმართავს. არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც არც ერთ ინიციატორს და არც უცხოელ კოლეგას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა, თეიმურაზ კობიძემ BBC-ის ფილმთან დაკავშირებით განაცხადა.
ტოქსიკოლოგის განცხადებით, მედიცინის პოლიტიზირება დაუშვებელია.
„ცნობილი მოვლენების გამო მასმედიაში მიმდინარეობს სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, არატოქსიკოლოგების ინფორმაციები, მოთხოვნები და არაკომპეტენტური რჩევების მიცემა აქციებში მონაწილეებისთვის და მოსახლეობისთვის. სინამდვილეში ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმის, დამატებითი სტრეს ფაქტორის და ხალხში დამატებითი მღელვარების შექმნის აშკარა საშიშროება.
ზოგიერთ ჩვენს კოლეგას შევახსენებთ, რომ პირველი – ქვეყანაში არსებობს სამედიცინო სპეციალობების სერტიფიცირება.
მეორე – დარგში არასერტიფიცირებული ექიმი არ გახლავთ კომპეტენტური. მესამე- სანამ მასმედიაში კომენტარს გააკეთებთ ინტერვიუს მისცემთ და მითუმეტეს მოთხოვნას წამოაყენებთ ელემენტარული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეთ იმ დარგის ანბანზე და იმ პროფილის ერთი ავადმყოფი მაინც უნდა ჰყავდეთ ნამკურნალები. მეოთხე – მედიცინის პოლიტიზირება დანაშაულია“,- განაცხადა თეიმურაზ კობიძემ.