ზემო აჭარაში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის სამმა კლინიკამ ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა

15-16 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველოს მედპერსონალმა, ასევე, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკით, ზემო აჭარაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აქცია, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში და შუახევის მუნიციპალიტეტში, კლინიკა “ევექსი”-ში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები სამსახურის ბენეფიციარებისთვის ჩატარდა. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიურ, ოფთალმოლოგიურ და ზოგადი პროფილის უფასო გამოკვლევებს (კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, დერმატოლოგის, ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაციებს, ელექტროკარდიოგრაფიას,გულის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ექოსკოპიას, კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს);

ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მობილური კლინიკის მეშვეობით, რომელიც, ჰოსპიტალს საჩუქრად თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ -TIKA-მ გადასცა, ჰოსპიტლის ექიმები, მძიმე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარებს, ოჯახებში ეწვივნენ და ადგილზე გაუწიეს სამედიცინო მომსახურება.

ამ ერთობლივი საქველმოქმედო-სამედიცინო აქციის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია 200-მეტ პირს, მათ შორის, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც. ულტრასონოგრაფიული კვლევა 177 ბენეფიციარს ჩაუტარდა, ოჯახის ექიმთან კონსულტაცია გაიარა – 65-მა, ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 100 ბენეფიციარს.

ჩაფიძის გულის ცენტრმა მომსახურება 60-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია. ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ბენეფიციარებს უფასოდ დაურიგა 33 გლუკომეტრის აპარატი და 390 ოპტიკური სათვალე.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა თურმანიძე.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები