ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული რომან სურმანიძის და: არ იყო დამაკმაყოფილებელი ეს სასჯელი
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახალგაზრდას რომან სურმანიძის ოჯახი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოა. როგორც რომან სურმანიძის დამ ნანი სურმანიძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, ოჯახის სურვილი იყო, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის და საქმეში მასთან ერთად ბრალდებულებისთვის უვადო პატიმრობა შეეფარდებინათ. ნანი სურმანიძე ძმის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ რომან სურმანიძე და სხვა ახალგზარდები ნავთლუღის ავტოსადგომზე განზრახ ჩაცხრილეს.
“არ იყო დამაკმაყოფილებელი ეს სასჯელი. ჩვენ უვადო პატიმრობის შეფარდებას ვითხოვდით , რადგან ასეთი ტიპის დამნაშავეები ამას იმსახურებენ. თუმცა რადგან იყო რეაგირება და პროკურატურის მიერ გამოძება ჩატარდა, ეს ნაწილობრივ დამშვიდების საბაბს გვაძლევს.
ჩვენ რომანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან შევიტყვეთ. დარწმუნებული ვარ ჩემი ძმის და მასთან ერთად მოკლული ახალგაზრდების უდანაშაულობაში. როგორ შეიძლებოდა 20წლის ახალგაზრდებს ციხე აეღოთ?! ეს არ იყო სპეცოპერაცია, რატომ არქმევენ სპეცოპერაციას ეს იყო განზრახ ჩადენილი მკვლელობა, სპეცოპერაცია ტარდება მაშინ, როცა ესა თუ ის დანაშაული უნდა აღიკვეთოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გაცილებით მძიმე განაჩენს ველოდით“, – განაცხადა ნანი სურმანიძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე აპირებს თუ არა რომან სურმანიძის ოჯახი მოსამართლის განაჩენის გასაჩივრებას, ნანი სურმანიძემ განაცხადა, რომ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული დათა ახალაია დაკავებული არ არის, ამიტომ ოჯახი ამ ეტაპზე მოვლენათა განვითარებას დაელოდება.
შეგახსენებთ,რომ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.