თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში 2 426 დევნილი ოჯახი სრულად გარემონტებულ ბინებს მიიღებს.
სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს იმ დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდება, ვინც თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსო.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები დაიწყება.
თვალჭრელიძის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსში უკვე დასასრულს უახლოვდება 4 კორპუსის სარემონტო სამუშაოები. პირველ ეტაპზე აღნიშნულ 4 კორპუსში საცხოვრებელი ფართები იმ ოჯახებს გადაეცემა, ვინც მძიმე პირობებში, დევნილთა ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში ფაქტობრივად ცხოვრობენ, რაც მონიტორინგის შედეგად დასტურდება. აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია კანონით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით განიხილავს.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისში ნგრევად შენობებსა და მძიმე პირობებში არცერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს და ასეთი ტიპის ყველა ობიექტი დაიხურება.