მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ დანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ დანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მოდებაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვისა და კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების გარანტი.
„დაახლოებით ერთი წლის წინ დავდე ფიცი ღვთისა და ერის წინაშე, რომ დავიცავდი კონსტიტუციას. ეს არის ჩვენი ძირითადი, უზენაესი კანონი, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა იცავდეს. მით უმეტეს დღეს ჩვენი ქვეყანა საკვანძო ეტაპს გადის, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველა ვხედავთ გარშემო სიტუაციას, გამოწვევებს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კანონთან მიმართებაში თითოეული ინსტიტუციის და ასევე თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება. ვხედავთ როგორი შემოტევებია, პირდაპირი მნიშვნელობით კონსტიტუციის, კანონის დარღვევასთან დაკავშირებით , ამიტომაც იმ ადამიანებს,ვისაც ხელგვეწიფება, რომ დავიცვათ სახელმწიფო, სახელმწიფოს დაცვა პირველ რიგში ნიშნავს კონსტიტუციის დაცვას, ეს არის ჩვენი უზენაესი ვალდებულება. მინდა გიორგის და თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატებები“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე გუშინ დანიშნა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.