სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

  ქუთაისის საქალაქო სასამართლო ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
“2014 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასებისა და საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა განაჩენი, რომლითაც ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “”ა””, “”დ”” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “”ბ”” ქვეპუნქტით (მითვისება, გაფლანგვა), 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამსახურეობრივი გულგრილობა) და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 50000 ლარი. ივანე მერაბიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები (სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება- ორი ეპიზოდი) ამოერიცხა, როგორც ზედმეტად წარდგენილი და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის “”ბ”” ქვეპუნქტით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “”დ””, მე-3 ნაწილის “”ბ”” ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “”ა””, “”დ””, მე-3 ნაწილის “”ბ”” ქვეპუნქტებით (მითვისება,გაფლანგვა), 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოოდ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენების შედეგად საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, 2013 წლის 21 მაისიდან. დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს მოსახდელი დარჩა 4 წელი, 3 თვე და 4 დღე. მას ასევე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები