სააკაშვილი, ბოკერია და გლუკსმანი მარგველაშვილის პიარკამპანიაში ერთვებიან?
სააკაშვილი, ბოკერია და გლუკსმანი მარგველაშვილის პიარკამპანიაში ერთვებიან? – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს, სადაც პრეზიდენტ მარგველაშვილზე და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების კავშირებზეა საუბარი.
“ზოგჯერ მართლა ფიქრობ, რომ ხმები იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო მეტი მოსყიდული ფიგურაა, ვიდრე პრინციპებისა და ღირებულებების მატარებელი პოლიტიკოსი, რეალობაა და სულაც არ არის მითების სფეროდან.
თავად განსაჯეთ, როგორ ხდება ხოლმე, რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი რადიკალურად იცვლის შეხედულებებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პოლიტიკოსები ჯერ პოპულისტური განცხადებებით (ან სხვა რაიმე მეთოდებით) ცდილობენ რეიტინგის მოპოვებას და შემდეგ მის სარფიანად „დაბანდებას“ პოლიტიკაში. ამიტომაც, ხშირად შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში, კოალიციიდან კოალიციაში ან ორბიტიდან ორბიტაზე გადადიან… რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო მაღალია ფასიც. შეიძლება ამიტომაც არის, რომ თითქმის ყველა პოლიტიკურ რეიტინგსაა გამოკიდებული და მომთაბარე ცხოვრებას ეწევა – სადაც მეტს უხდიან, იქ არიან და ვინც მეტ ფულს უხდის, იმას უჭერენ მხარს. ძირითადად ასეა.
ამ მხრივ, კლასიკა პოლიტიკაში ისევ ნინო ბურჯანაძემ შექმნა, როცა 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან თქვა: რუსეთის ბოლო იმპერატორმა რევოლუციონერებს რომ არ ესროლა, იმიტომ მოგვიწია საბჭოთა სიმახინჯეში ცხოვრებაო, გარეთ მდგომი ოპოზიცია პრორუსობაში დაადანაშაულა და მთლიანად დაუჭირა მხარი მაშინდელ ხელისუფლებას. ბურჯანაძე პრინციპული ტონით საუბრობდა და ცოტამ თუ იცოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში. ნოემბრის აქციების ფონზე ოპოზიცია ბურჯანაძეს მოუწოდებდა, გადამდგარიყო და ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი გამხდარიყო. თუმცა სააკაშვილმა მას ერთ ლარად წყნეთში მიწის ნაკვეთი აჩუქა და ბურჯანაძის მხარდაჭერაც „იყიდა“. სამაგიეროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ამის შესახებ ინფორმაციები უკვე დასავლეთშიც აფრინა და ბურჯანაძეს სამუდამოდ დაუკარგა დასავლეთის მხარდაჭერის შანსი. ეს ჩვენ არ ვიცოდით, რა დაუჯდა სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერა, თორემ იქ ეს ყველამ გაიგო…
მხოლოდ ერთეული შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ, როცა პოლიტიკოსი თანამიმდევრული და საკუთარი პრინციპებისა თუ პოლიტიკური ღირებულებების ერთგული დარჩა და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი პოლიტიკური პარტიები თუ კოალიციები, სადაც გუნდური თამაშის პრინციპებს პატივს სცემენ, ესეც ხომ დემოკრატიულობისა და პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.
სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესო გიორგი მარგველაშვილის ფიგურა. პოლიტიკოსს მას ვერ დავარქმევთ. ერთხელ მან უკვე გააკეთა დიდი ნახტომი ერთი პოლიტიკური ორბიტიდან მეორე პოლიტიკურ ორბიტაზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე ის ნინო ბურჯანაძის პრორუსულ ორბიტაზე იყო. შემდეგ ივანიშვილის კოალიციაში გადავიდა და პრეზიდენტიც გახდა.
გუნდში მანამ იყო, სანამ მთელი კოალიცია მის გაპრეზიდენტებაზე მუშაობდა. მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატს უჭერდა მხარს და ამ ფორმატში ხან წინდის მქსოველი მარგველაშვილის ფოტო მოივლიდა ხოლმე ცუნამივით სოციალურ ქსელებს, ხან მისი ლევან ვასაძესთან ურთიერთობის ამსახველი კადრი და ხან ნინო ბურჯანაძესთან მისი კავშირები.
გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა გუნდისგან დისტანცირება დაიწყო. მარგველაშვილი პოლიტიკოსი არ არის და არც ძლიერი ფიგურაა. ეს ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე არჩევნებში მისი გამარჯვება ოცნების სფეროსაც კი სცილდებოდა. თუმცა, უკვე სტატუსმა მისცა რეიტინგი, რეიტინგმა კი – „პოლიტიკურ ვაჭრობაში“ ჩართვის შანსი.
ახლა ის საკუთარ გუნდთან დაპირისპირებასაც კი აფიქსირებს. რამდენიმე ხანია, რაც გააქტიურდა და გარკვეულ პიარქმედებებსაც მიმართავს. ის ბუნებით არააქტიური პირია და პოლიტიკური პროცესები მისთვის გარკვეული რებუსიც იქნება, რომლის ამოხსნაში თუ ვინმე, თანაც ძალიან სერიოზული, არ დაეხმარა, თავისით და მარტო ამისთვის არც ცოდნა ეყოფა და არც გამოცდილება. საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ ერთი პიარშიკი არსებობს და ეს მიხეილ სააკაშვილია. ყოფილი ნაციონალების დაკვირვებით, საგარეო პოლიტიკის წარმართვაში მას აქტიურად ეხმარება მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ის ლობირებს საქართველოს პრეზიდენტს დასავლეთში. ამ პროცესში, ზოგიერთების განმარტებით, მონაწილეობს რაფაელ გლუკსმანი.
გლუკსმანი პირველად საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოვიდა. მაშინ მან მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა და დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. სწორედ მაშინ დამყარდა მათ შორის ახლო ურთიერთობა. გლუკსმანი სააკაშვილის პოლიტიკური მრჩეველიც მალე გახდა.
ადრე ჯერ ჟვანიასა და შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკური „სფიჩების“ (ანუ გამოსვლების) ავტორად ვინმე დენიელი სახელდებოდა, შემდეგ მისი პოზიცია თითქოს სწორედ რაფაელ გლუკსმანმა დაიკავა.
ამ მხრივ, „ნაციონალები“ საკმაოდ ფრთხილად და სწორად იქცეოდნენ. არც სააკაშვილს უჭირდა გამოსვლების წერა და არც ჟვანიას თუმცა, მათ ისიც კარგად ესმოდათ, რომ დასავლური პოლიტიკური სტილი მაინც განსხვავებული იყო და ამ საქმეში პროფესიონალები ჰყავდათ ჩართული.
რაფაელ გლუკსმანი თავისი საქმის პროფესიონალია. ის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ვერტიკალს კარგად იცნობდა და კულისებში გარკვეული იყო, ირწმუნება, რომ გლუკსმანი სააკაშვილს ევროპის ქვეყნებსა და ევროპის სტრუქტურებში ვიზიტების დაგეგმვაშიც ეხმარებოდა და მედიასთან ურთიერთობაშიც. სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა სატელევიზიო ინტერვიუების ჩაწერაცა და პირდაპირი ჩართვების ორგანიზებაც. ის მონაწილეობდა ევროკავშირის სტრუქტურებისა და ევროპის ქვეყნების საქართველოში გამოგზავნილი დელეგაციების მიშა სააკაშვილთან შეხვედრების ორგანიზებაშიც. ასე რომ, ნაციონალები და პირადად სააკაშვილი ამ თემაზე სერიოზულად მუშაობდნენ. ისინი არანაირ სახსრებს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი პროფესიონალურად გაკეთებულიყო. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე განაცხადა, რომ მას პიარი არ სჭირდება. სხვა საკითხია, ეს პოზიცია სწორი იყო თუ არა (ჩემი აზრით, არ იყო სწორი), მაგრამ ამ პოზიციას თავის დროზე გიორგი მარგველაშვილიც ეთანხმებოდა. მოგვიანებთ კი მან საკუთარი პოზიციების რადიკალურად შეცვლა დაიწყო. მაგალითად, ადრე ამბობდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა ბოროტებისა და გარყვნილების სიმბოლო იყო და იქ არ შევიდოდა.
ჩემთვის მისი პოზიცია მაშინაც გაუგებარი და მიუღებელი გახლდათ და მერეც, როცა ის ჩუმად შევიდა სასახლეში და გუნდს დაუპირისპირდა. განმარტება კი მოგვიანებით გააკეთა, როცა თქვა: „იმ მუშაობაში, რომელიც ადრე დავიწყეთ, კანცელარიის ორ ოთახში, ცვლილებები შევიდა. ჩემი სურვილი იყო, რომ ამ შენობაში ყოფილიყო უნივერსიტეტი, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს პროექტი ჯერ ვერ დაიძრა, კანცელარიაში 2 ოთახის ფარგლებში მუშაობა კი ცოტა გაგვიჭირდა, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მე აქ ვმუშაობ, რასაც ადასტურებს ჩემი დღევანდელი შეხვედრა მედიასთან“.
მოულოდნელად მარგველაშვილმა გადაიფიქრა უნივერსიტეტისთვის შენობის დათმობა და ჩუმად შევიდა რეზიდენციაში. აქ კითხვის ნიშნები გუნდში გაჩნდა: რატომ გადაიფიქრა მარგველაშვილმა და რატომ შევიდა ის რეზიდენციაში ჩუმად? კითხვის ნიშნები გაჩნდა სხვა მიმართულებითაც. საქართველოს პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ის საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაძლიერებისთვის იბრძვის, თუმცა დღეს მას პოლიტიკურ სპექტრში მაინც სუსტ ფიგურად განიხილავენ, რომელსაც შეუძლია და არ აკეთებს, ან არ შეუძლია და მაინც ამბობს. მარგველაშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა საზღვარგარეთ. ირწმუნებიან, რომ საგარეო პოლიტიკის დაგეგმვასა და დასავლეთში პიარის წარმართვაში მას სწორედ გლუკსმანი ეხმარება. საქართველოს პრეზიდენტი თითქოს შეხვდა კიდეც გლუკსმანს და პიარსტრატეგიაც განისაზღვრა.
შესაძლოა, ამიტომაც დაიწყეს საქართველოში მარგველაშვილის დაკავშირება ბოკერიასთან და სააკაშვილთან. ნაციონალების მხრიდან მარგველაშვილის მხარდაჭერას კი, როცა ადრე მას დასცინოდნენ და ხან პლასტელინას ეძახდნენ და ხან მქსოველ მამაკაცს, ერთიანი პიარკამპანიის ჭრილში განიხილავენ. მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილის უკან ნაციონალები დგანან და რომ ისინი ეხმარებიან მას პიარის წარმოებასა და პროცესების მართვის მცდელობაში. გლუკსმანიც ამ კონტექსტში გამოჩნდა. თავად რაფაელ გლუკსმანმა თემის კომენტარისას მარგველაშვილის პიარკამპანიაში ჩართვას „ჭორი და აბსოლუტური ტყუილი“ უწოდა. მისი განმარტებით: – მე არ შევხვედრივარ პრეზიდენტ მარგველაშვილს და საერთოდ არ ვაპირებ მასთან პიარკონსულტანტად ან სხვა რაიმე ფორმატში მუშაობას. ეს ჭორი და აბსოლუტური ტყუილია. მე ჩემი მეგობრების, – რომლებიც ციხეში ან ოპოზიციაში არიან დღეს, – ერთგული ვრჩები, მათ ეკუთვნით ჩემი სიმპათიებიც… წინა ხელისუფლებას შეკრული და ერთიანი გუნდი ჰყავდა და ეს იყო მისი ძალა. ამიტომაც „ნაციონალებს“ კარგად ესმით, რომ გუნდში განხეთქილებას შეუძლია მთლიანად დაანგრიოს ახალი ვერტიკალი. არ არის გამორიცხული, ისინი ამ მიმართულებით მუშაობდნენ კიდეც. მთელი ოპოზიცია მუშაობდა, განსაკუთრებით ბადრი პატარკაციშვილი. ნაციონალები გუნდურობის თემას თავისებურად წყვეტდნენ. მაგალითად, მათ კარგად იცოდნენ, რომ ის, ვინც გუნდური თამაშის წესებს არღვევდა, გუნდიდან ან ვერტიკალიდან უნდა გასულიყო. თუმცა, ცდილობდნენ, ეს ისე გაეკეთებინათ, რომ ისინი ოპოზიციაში სიცოცხლისუნარიანი არ ყოფილიყვნენ. ამის მაგალითია თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილი. მარგველაშვილს „ნაციონალებთან“ აკავშირებენ პარლამენტსგარეთ ოპოზიციაშიც. შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ მალე ახალი კოალიცია შეიქმნება და მარგველაშვილი მისი შემადგენელი ნაწილი იქნება. ნათელაშვილის განმარტებით: – მე არ ვიცი, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ეს მოხდება ორი თვის, თუ ორი წლის შემდეგ, მაგრამ ეს გარდაუვალი იქნება. წინააღმდეგობები უკვე აისახება რეიტინგებში, ასევე სასახლის შიდა თუ ხალიჩისქვეშა დაპირისპირებაში. არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მარგველაშვილსა და ნაციონალებს შორის ალიანსი უკვე გამოკვეთილია. ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი, ვინ შეუერთდება მათ მომავალში. სამომავლოდ არ გამორიცხავენ, რომ ამ ალიანსში ირაკლი ალასანია და ლევან ვასაძეც აღმოჩნდნენ”, – წერს გამოცემა.