სიკორსკი: ვფიქრობ, პუტინი გულწრფელი არ არის და ტრამპს დასცინის
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ კრემლის მმართველი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხში გულწრფელი არ არის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დასცინის.
მისი თქმით, 15 მაისი, „გამოცდა“ იქნება, რადგან ამ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა.
„მე მჯერა, რომ პრეზიდენტი პუტინი გულწრფელი არ არის და რომ ის აშშ-ის პრეზიდენტს დასცინის, მაგრამ გამოცდა ხუთშაბათს იქნება“, – თქვა მან.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება და რეალურ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, „მაშინ პრეზიდენტ ტრამპს ყველა საფუძველი ექნება, შეცვალოს თავისი პოლიტიკა ისეთით, რომელიც ზეწოლას მოახდენს აგრესორზე და არა აგრესიის მსხვერპლზე“.
სტამბოლში შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, სიკორსკიმ, ასევე, დასძინა, რომ ის, რაც იქ მოხდება ან არ მოხდება, ვაშინგტონი ამ ყველაფერს იგრძნობს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გადადგა პოზიტიური ნაბიჯი და დაელოდა მეორე მხარის რეაქციას. ის რუსეთისთვის არაერთ საკმაოდ მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა და სანაცვლოდ არაფერი მიიღო. და ეს პუტინის ბოლო შანსია, აირჩიოს ის, რასაც ამერიკელები შეთავაზებას უწოდებენ“, – დასძინა სიკორსკიმ.