პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ლ.ა. და 1972 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლ.ა.-ს თან ნაქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო გ.ჭ.-ს გან ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი”, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.
პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.