ინდონეზიაში, მამლების ჩხუბის ტრადიციულ რიტუალს მამაკაცი ემსხვერპლა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ტრადიციული მამლების ჩხუბის რიტუალის დროს მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი დენპასარში მოხდა, სადაც 50 წლის ი ნენგა სუდანა საბრძოლო მამლის ფეხზე მიმაგრებული ლითონის პირით სასიკვდილოდ დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, ჩხუბის დაწყებამდე ერთ-ერთი მამალი კონტროლიდან გამოვიდა და მოწინააღმდეგეს მივარდა. ერთ-ერთმა მაყურებელმა მოულოდნელი თავდასხმის თავიდან აცილება მოახერხა, თუმცა სუდანას, რომელიც ახლოს იდგა, მუცელში ბასრი ლითონის პირი მოხვდა, რომელიც მამლის ფეხზე იყო მიმაგრებული.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, დაისჯება თუ არა ვინმე მომხდართან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ დენპასარში მომხდარი ინციდენტი ბოლო კვირების განმავლობაში მეორე ფატალური შემთხვევაა, რამაც მამლების ჩხუბის ტრადიციული პრაქტიკის გადახედვის მიმართ საზოგადოებრივი დებატები და ინტერესი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები