ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საზაფხულო სკოლას – „მემკვიდრეობა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ უმასპინძლა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საზაფხულო სკოლას „მემკვიდრეობა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ უმასპინძლა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილე ბექა დავითულიანთან ერთად დაესწრო.
თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა საზაფხულო სკოლის მონაწილეებს, პროექტის ორგანიზატორებს, მოწვეულ უცხოელ მეცნიერებს, დარგის სპეციალისტებს და აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო ხელს შეუწყობს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სფეროს განვითარებას და ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას.
ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე უძღვებოდა, ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
საზაფხულო სკოლა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 28 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. სკოლაში მონაწილე ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა ლექცია-სემინარები, მოეწყო გასვლითი ღონისძიებები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, გელათის აკადემიასა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები