ფრანგი ღვინის მწარმოებლები გადასახადების გამო მილიარდ ევროზე მეტს დაკარგავენ

აშშ-ის ტარიფებით გამოწვეული ექსპორტის შემცირების ფონზე, ფრანგი ღვინის მწარმოებლების ზარალმა შესაძლოა, 1 მილიარდ ევროს გადააჭარბოს, – ამის შესახებ საფრანგეთის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციამ (FEVS) განაცხადა.

„ამ გადასახადების გავლენა კიდევ უფრო სერიოზული იქნება, რადგან ისინი შემოღებულია შეერთებულ შტატებში აშშ დოლარის ღირებულების ვარდნის ფონზე. კუმულაციურმა ეფექტმა შეიძლება შეერთებულ შტატებში გაყიდვების ერთი მეოთხედით შემცირება გამოიწვიოს, რაც 1 მილიარდი ევროს ზარალს ნიშნავს“, – თქვა ფედერაციის ხელმძღვანელმა, გაბრიელ პიკარდმა გავრცელებულ პრესრელიზში.

მისი თქმით, ექსპორტის შემცირება ასევე „პირდაპირ და ირიბ გავლენას მოახდენს საფრანგეთში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიაში დასაქმებულ 600 000 სამუშაო ადგილზე“.

ექსპორტიორთა ფედერაციამ ხელისუფლებას მოუწოდა, განაგრძონ მოლაპარაკებები ფრანგულ ღვინოებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადების მოხსნის მიზნით.

„ჩვენ მივესალმებით ღვინისა და სპირტიანი სასმელების 15%-იანი გადასახადისგან გათავისუფლების მიმართულებით უკვე გაწეულ ძალისხმევას, თუმცა სიტუაცია ასე არ უნდა დარჩეს და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ევროკომისიამ გუშინ, 31 ივლისს განაცხადა, რომ ის აშშ-თან მოლაპარაკებებს აგრძელებს, რათა მომავალში ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე უბაჟო ვაჭრობა უზრუნველყოს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთთან ერთად, ფრანგული ღვინოებისა და კონიაკის წამყვანი იმპორტიორია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 ივლისს სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში ევროკავშირის ქვეყნებიდან თითქმის ყველა ექსპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება.

ევროკავშირმა ასევე აიღო ვალდებულება, აშშ-სგან თხევადი ბუნებრივი აირის, ბირთვული საწვავის და იარაღის შეძენაზე.

როგორც New York Times-ი აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, შეთანხმება არ მოიცავს ფოლადსა და ალუმინზე აშშ-ის 50%-იანი ტარიფების გაუქმებას, თუმცა მათი შემცირება შესაძლებელია შემდგომი მოლაპარაკებების გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები