პოლიციამ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცველებმა მთელი საქართველოს მასშტაბით-თბილისსა და რეგიონებში 2 დღის განმავლობაში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია არაერთი პირი, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.

პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა, მჭიდები, ვაზნები და ჯავშანჟილეტები.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები