შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთიდან იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს
,,სხვაგან რომ მიუღებელია მოლოტოვის კოქტეილი, ჩვენთან ამას აფინანსებენ. სხვაგან რომ მიუღებელია სიძულვილი, ჩვენთან მას მხარს უჭერენ. მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთიდან იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიძულვილის ენა გამოწვევაა.
,,ამიტომაც ვწერდი წერილებს ევროკავშირის ელჩს, ამიტომ მოვუწოდებდით დიდი ხანი საჯაროდ ელჩებს და დონორებს, რომ შეეჩერებინათ ზიზღის კამპანია, რომელიც გარედან არის დაფინანსებული. მათ ეს არ გააკეთეს. აქედან გამომდინარე არის ეს საჩივრები.
დღესაც გასაჯაროვდა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. სულ ახლახან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის პლატფორმა X-ზე ყველაზე სულელი მინისტრის წოდების გამო ადამიანს 20 ათასი ლარის ეკვივალენტის ჯარიმა დაეკისრა, ასე რომ ეს ყველგან ასეა. გამოწვევა არის სიძულვილის ენა. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ სხვაგან რომ მიუღებელია მოლოტოვის კოქტეილი, ჩვენთან ამას აფინანსებენ. სხვაგან რომ მიუღებელია სიძულვილი, ჩვენთან მას მხარს უჭერენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთი რამის გააზრება, რომ უცხოეთიდან იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.