უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოს შეხვდა, მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
სამთავრობო დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოს შეხვდა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, ნარჩენების ეფექტიანად მართვის და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებებით.
„მადლობას გიხდით ურყევი მხარდაჭერის და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზაზე საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა. საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთის ნარჩენების მართვის სისტემასთან დაკავშირებული ზომების შესახებ ინფორმაციის გაცვლა ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებულია. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებაც, რომ თქვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ცნობადობის ამაღლებაა, რაც საზოგადოების ჩართულობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით გადამწყვეტია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებებით თანამშრომლობის ხელშეწყობა.
„მემორანდუმი უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული შეთანხმება ეფექტიანი და მიზანმიმართული თანამშრომლობის მხარდასაჭერად მყარი და ორგანიზებული ჩარჩოს შექმნას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვა, მდინარის აუზების მართვის გეგმების შემუშავება, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები; მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას, მათ შორის, გარემოს დაცვის კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და გეგმების მიმართულებებით.