წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „თბილისურ ანარეკლს“ მკითხველი სააქციო ფასად შეიძენს

29 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც საგამომცემლო სახლი „ანარეკლის“ სადებიუტო წიგნი, „თბილისური ანარეკლიც“ იქნება წარმოდგენილი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფესტივალზე წიგნი ფასდაკლებით, 60 ლარად გაიყიდება.

არქიტექტურის დოქტორ მამუკა სალუქვაძის და ეთნოლოგიის დოქტორ მირიან ხოსიტაშვილის ავტორობით მომზადებული ორენოვანი, ქართულ-ინგლისური წიგნი „თბილისური ანარეკლი“ უნიკალურ და მრავალმხრივ საინტერესო გამოცემას წარმოადგენს. ამ წიგნის მეშვეობით, თბილისის მკვლევრებს, ნებისმიერი თაობის სპეციალისტს, უბრალოდ, თბილისზე შეყვარებულ ადამიანებს, თბილისელებსა თუ დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ეძლევათ, ერთი კრებულის ფარგლებში გაეცნონ თბილისის ისტორიას, არქიტექტურასა და ქალაქის განაშენიანების განვითარების ეტაპებს ვახუშტი ბაგრატიონის პერიოდიდან დღემდე.

ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ქრონოლოგიურად დალაგებულმა და სისტემატიზირებულმა საქართველოს დედაქალაქის ისტორიულმა რუკებმა, გეგმებმა, ჩანახატებმა, გრავიურებმა, სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე უცხოელი მოგზაურების, ისტორიკოსების, გეოგრაფების, ხელოვანების ჩანაწერებმა თბილისის შესახებ, საქართველოს დედაქალაქის სხვადასხვა წლებში შემუშავებულმა რეკონსტრუქციისა თუ განაშენიანების განვითარების გენერალური გეგმების შესახებ მასალებმა დღის შუქი ნახონ და გამოვიდნენ არქივებისა და ბიბლიოთეკების სანახებიდან.

პროექტის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ თბილისის ისტორიაში პირველად მოხდა არსებული ისტორიულ-კარტოგრაფიული, ტექსტური და გრაფიკული მასალის მოძიება, დამუშავება, ქრონოლოგიურად დალაგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია, გაფორმება და ერთ ალბომში თავმოყრა, რაც თბილისის შესახებ არსებულ სხვა გამოცემებში არ გვხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები