მწერალთა სახლში მუზეუმების საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა
18 მაისს, მწერალთა სახლში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმისა და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის ექსპოზიციები, ასევე დასწრებოდნენ მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს.
მწერალთა სახლის ისტორიულ შენობაში, ღამისა და სანთლის შუქით განათებულ აივნებსა და ტერასებზე, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა – „ჩვენ, ცისფერი ყანწები“.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემატიკა ტიციან ტაბიძის პოეზია იყო, რადგან 2025 წელი მისი საიუბილეო თარიღია. სცენაზე გაცოცხლებულმა ისტორიამ, ატმოსფერომ და პოეზიის ხმამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს სტუმრებზე.
![]()

მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
- დროებითი ექსპოზიცია „ტიციან ტაბიძე − 130“;
- თეატრალიზებული წარმოდგენა – „ჩვენ, ცისფერი ყანწები“ (გიორგი კაშიას სამხატვრო ხელმძღვანელობით);
- დოკუმენტური სესია „რეპრესირებული ქალების ისტორიები“;
- სპექტაკლი იუნკერთა ბრძოლასა და მარო მაყაშვილზე − „ისტორიის გაკვეთილი“ (რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე).